LIVE

Gazprom-მა იტალიას გაზის მოცულობა შეუმცირა

16 ივნ 202218:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 787
Gazprom-მა იტალიას გაზის მოცულობა შეუმცირა

იტალიური ნავთობისა და გაზის კომპანია Eni აცხადებს, რომ Gazprom მეორე დღეა იტალიას გაზის შემცირებულ მოცულობას აწვდის. კომპანიის თანახმად, Gazprom-მა დღეს მოთხოვნილი ბუნებრივი აირის მხოლოდ 65% უზრუნველყო. გუშინ Gazprom-მა ქვეყანას გაზის მიწოდება 15%-ით შეუმცირა.

Eni ემატება იმ კომპანიების მზარდ სიას, რომლებსაც მოსკოვსა და ევროპას შორის დაძაბულობის ესკალაციის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება ეზღუდებათ.  

იტალიის ენერგეტიკის მინისტრის რობერტო ცინგოლანის ოფისმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანა არ განიცდის კრიტიკულ დეფიციტს და მთავრობა სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. 

როგორც იტალიურ კომპანიას Gazprom-მა განუმარტა, მიწოდების შემცირების მიზეზი გახდა პრობლემები პორტოვაიას ქარხანაში, რომელიც Nord Stream გაზსადენს კვებავს. 

იტალია გაზის თითქმის 40%-ს რუსეთისგან იღებს. Eni სათავეში უდგას იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მთავრობის ძალისხმევას, შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, რისთვისაც ის ნაწილობრივ აფრიკის მწარმოებელ ქვეყნებთან ხანგრძლივ კავშირებს იყენებს. 

14 ივნისს Gazprom-მა განაცხადა, რომ ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ნაკადს 40%-ით ამცირებს.

გერმანია მიიჩნევს, გაზის მიწოდების შემცირება "პოლიტიკურად მოტივირებულია" და მიზნად ისახავს ბაზრების არეულობას.

შეფერხებამ ევროპული გაზის საორიენტაციო ფასი დღეს 24%-ით გაზარდა, რაც ემატება ამ კვირაში მომატებულ 46%-ს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ბრამბილა