LIVE

საშუალო ხელფასი 1 446 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

16 ივნ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1245
საშუალო ხელფასი 1 446 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1%-ით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446 ლარი და 50 თეთრი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 037.5 ლარი (წლიური ზრდა 24.1%);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 339.9 (ზრდა 8.3%);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 963.5 ლარი (ზრდა 9.1%);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 900 ლარი (ზრდა 15.9%).

I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 184.8 ლარით, ხოლო კაცების - 1 695.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 161.9 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 221.9 ლარი (15.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 196.1 ლარით (15.3%) გაიზარდა და 1 479.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 468.1 ლარი, წლიური ზრდა 6.4%), ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის (2 380.8 ლარი, ზრდა 8%) დარგებში. 

რაც შეეხება არასამეწარმეო და საფინანსო მიმართულებებს, ამ სექტორებში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 177.4 ლარით (14.6%) გაიზარდა და 1 390.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი ჰქონდათ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

მიმდინარე წლის I კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი თბილისში ჰქონდათ. 

აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ნომინალურია და ვერ იძლევა წარმოდგენას, რეალურად როგორია ამ თანხის მსყიდველობითი უნარი. უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა, რაც ნომინალურ გამოსახულებაში გაზრდილი საშუალო ხელფასის პირობებშიც კი, ამცირებს ადამიანების შემოსავლის მსყიდველობით უნარს ანუ რეალურ შემოსავალს. შესაბამისად, მოქალაქეებს მეტი თანხა სჭირდებათ იმავე პროდუქტისა და მომსახურების შესაძენად, რასაც ადრე შედარებით ნაკლები ხელფასის პირობებში ყიდულობდნენ. მაგალითისთვის, 2010 წლის მაისში თუ 1000 ლარი ჰქონდა ხელფასი დასაქმებულს და ხარჯავდა სამომხმარებლო პროდუქტებზე, 2022 წლის მაისში იმავე პროდუქტის შესაძენად უკვე 1774 ლარი სჭირდება. ხოლო 2010 წელს რასაც 1446 ლარად შეიძენდით, ახლა იმავე პროდუქტის საყიდლად 2565 ლარი და 84 თეთრი დაგჭირდებათ.