ჩინეთი ამტკიცებს, რომ მისმა გიგანტურმა Sky Eye ტელესკოპმა შესაძლოა უცხო ცივილიზაციების ნიშნები დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ოფიციალურმა გამოცემამ Science and Technology Daily-მ გაავრცელა. მოგვიანებით აღმოჩენის შესახებ მასალა და პოსტები წაიშალა.
ვიწროზოლიანი ელექტრომაგნიტური სიგნალები, რომლებიც მსოფლიოს უდიდესმა რადიოტელესკოპმა დააფიქსირა, განსხვავდება წინა აღმოჩენისგან და ჯგუფი მის შესწავლას გააგრძელებს. მედიის წყაროა არამიწიერი ცივილიზაციის საძიებო ჯგუფის მთავარი მეცნიერი ჟანგ ტონძი. ჯგუფი რამდენიმე ჩინური და ამერიკული სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულების მიერაა ჩამოყალიბებული.
გაურკვეველია, რა გახდა მედიის მიერ მასალის წაშლის მიზეზი. სიახლე უკვე გავრცელებული იყო ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე და ასევე, სხვა მედიის მიერ.
2020 წლის სექტემბერში Sky Eye-მა, რომელიც ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ გუიჯოუს პროვინციაში მდებარეობს და 500 მეტრი დიამეტრი აქვს, არამიწიერი სიცოცხლის ძებნა ოფიციალურად დაიწყო.
2019 წელს შეგროვებული მონაცემების დამუშავების შედეგად, ჯგუფმა საეჭვო სიგნალების ორი სერია 2020 წელს აღმოაჩინა. ჟანგის განცხადებით, 2022 წელს დააფიქსირეს კიდევ ერთი საეჭვო სიგნალი ეგზოპლანეტების სამიზნეების დაკვირვების მონაცემებიდან.
მეცნიერის თქმით, ჩინეთის Sky Eye უკიდურესად მგრძნობიარეა დაბალი სიხშირის რადიო ზოლში და გადამწყვეტ როლს თამაშობს უცხო ცივილიზაციების ძიებაში. თუმცა, საეჭვო სიგნალები შეიძლება რაიმე სახის რადიო ჩარევა იყოს და ამიტომ ის დამატებით გამოძიებას საჭიროებს.
Bloomberg News-მა დეტალების დაზუსტება Science and Technology Daily-სთან სცადა, თუმცა გამოცემამ მის ზარებს არ უპასუხა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია