LIVE

პლასტმასის გადამუშავება მუშაობს, ცინიკოსები დააიგნორეთ- მოსაზრება

18 ივნ 202220:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1263
პლასტმასის გადამუშავება მუშაობს, ცინიკოსები დააიგნორეთ- მოსაზრება

Atlantic-მა ვირუსული სტატია სათაურით „პლასტმასის გადამუშავება არ მუშაობს და არასოდეს იმუშავებს“ გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ გამოცემა არ არის პირველი, ვინც ეს პრეტენზია გამოთქვა. ბოლო ნახევარი ათწლეულის განმავლობაში, ოკეანის პლასტმასით დაბინძურების შესახებ შეშფოთების ზრდასთან ერთად, პლასტმასის გადამუშავება "მითისა" და "ტყუილის" კატეგორიებში ხშირად ექცევა.

პლასტმასის გადამამუშავებელთა ასოციაციის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, აშშ-ში მინიმუმ 180 გადამუშავების პუნქტია, რომლებიც ყოველწლიურად მილიარდობით კილო მასალას ამუშავებენ. პლასტმასის გადამუშავებაზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, მათი გადამუშავების მოცულობის დადებითი ზეგავლენა გარემოზე მომავალი დეკადის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

პლასტმასის გადამუშავება მას შემდეგ არსებობს, რაც მისმა გამომგონებლებმა გააცნობიერეს, რომ მასალის ხელახლა დნობა და რეფორმირება შეიძლებოდა. 1950-იან წლებში პლასტმასის სამრეწველო გამოყენებასთან ერთად დაიწყო ბიზნესი, რომელიც გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი არასასურველი პლასტმასის გამოყენებას ემსახურებოდა.

სამომხმარებლო პლასტმასის გადამუშავება, როგორიცაა წყლის ბოთლები, იოგურტის ჭიქები და მსგავსი პროდუქტები, 1970-იან წლებში დაიწყო და სამთავრობო პროგრამების დანერგვასთან ერთად სწრაფად განვითარდა. ზოგადად, საოჯახო ურნებში დარჩენილი პლასტმასის გადამუშავება უფრო რთულია, ვიდრე მწარმოებლის მიერ სამრეწველო გადამუშავებისთვის გაცემული პლასტმასის.

იოგურტის ჭიქებს ხშირად ჯერ კიდევ იოგურტით დაფარულს ყრიან, სხვა პროდუქტებს კი, როგორიცაა წყლის ბოთლები, რამდენიმე ტიპის პლასტმასის ელემენტისგან შედგებიან, რომლებსაც გადამუშავებამდე განცალკევება სჭირდებათ.

პლასტმასის ტიპების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იქნება ეს ერთ პროდუქტში თუ ნარჩენების მთლიან ნაკადში, იზრდება გამოყოფისა და გადამუშავების ღირებულებაც. გადამამუშავებლებისთვის ეს სპირალური ხარჯები მძლავრ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.

თუმცა, ეს შემაფერხებელი ფაქტორები საბოლოო სიტყვა არ არის. 2020-ში გადამამუშავებლებმა პოლიეთილენის ტერეფტალატისგან ანუ PET-ისგან დამზადებული ბოთლების 27.1% მოაგროვეს, ხოლო მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ანუ HDPE-ს ბოთლების 28.8%. ეს მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებით თითოეულისთვის 1.2%-ით და 2.1%-ით შემცირდა, რაც რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორთანაა დაკავშირებული, მათ შორის პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან, რომლებმაც გადამუშავებას და მიწოდების ჯაჭვებს შეუშალა ხელი.

მიუხედავად ამისა, მწარმოებლის მოთხოვნა პოსტ-სამომხმარებლო პლასტმასაზე 4,8 მილიარდ ფუნტამდე გაიზარდა. ზრდა ნაწილობრივ უკავშირდება 80-ზე მეტი შეფუთვის, სამომხმარებლო საქონლისა და საცალო ვაჭრობის კომპანიის მიერ ვალდებულების აღებას, რომ გადამუშავებული მასალის შემცველობა მათ შეფუთვებში 15%-დან 50%-მდე გაზარდონ.

ნაწილობრივ, ეს ასევე მთავრობის მანდატებთანაა კავშირში, როგორიცაა კალიფორნიის მოთხოვნა, რომ 2022 წლისთვის პლასტმასის ბოთლებს მინიმუმ 15%-იანი გადამუშავებული შემცველობა ჰქონდეს, რაც 2030 წლისთვის 50%-მდე გაიზრდება. ზრდა ასევე უკავშირდება ნავთობისა და პირველადი პლასტმასის მაღალ ფასებს, რადგან მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ გადამუშავებულ პლასტმასს მიმართონ. 

გაზრდილმა მოთხოვნამ ზეგავლენა მოახდინა ფასზეც. მაგალითისთვის, გადამუშავებული PET პლასტმასის ფასი 2020-ის იანვრიდან 2021-ის იანვრამდე 103%-ით გაიზარდა, რადგან შეფუთვის კომპანიებმა მწირი მასალისთვის კონკურენცია დაიწყეს.

კრიზისი ამ მხრივ გაგრძელდება. აშშ-ს დამატებით 80 გადამუშავების პუნქტი დასჭირდება, რათა კალიფორნიის 2025 წლის მანდატის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლოს. კიდევ ერთი ანალიზი პროგნოზირებს, რომ გადამუშავებულ პლასტმასაზე გლობალური მოთხოვნა 2025 წლისთვის $45 მილიარდს მიაღწევს, რაც 2020 წლიდან 30%-იან ზრდას უდრის.

რა თქმა უნდა, მხოლოდ გადამუშავება ოკეანის პლასტმასის პრობლემას ვერ გადაჭრის. ეს მოითხოვს ერთჯერადი გამოყენების და სხვა არამდგრადი პლასტმასის გამოყენების აღმოფხვრას.

საბედნიეროდ, ბრენდებმა, საცალო მოვაჭრეებმა და სარისკო კაპიტალის ფირმებმაც კი, მათი მნიშვნელოვანი რესურსები ამ მიზნების მისაღწევად მიმართეს. ახალი შესაფუთი მასალის, მეთოდისა და ტექნოლოგიების ნაწილი უკვე ბაზარზეა, ზოგი კი ხელმისაწვდომი უახლოეს წლებში იქნება.

ისინი ერთობლივად ხაზს უსვამენ უდავო რეალობას. პლასტმასის გადამუშავება მუშაობს და მომდევნო წლებში ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უფრო მდგრადი ეკონომიკისა და პლანეტის განვითარებაში. ეს კი მითი არ არის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ადამ მინტერი