LIVE

როგორ ანგრევს "ენერგეტიკული შოკი" გლობალურ ეკონომიკას

13 ივნ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 975
როგორ ანგრევს "ენერგეტიკული შოკი" გლობალურ ეკონომიკას

იმ დროს, როცა მსოფლიო მწვანე ენერგეტიკულ მომავალს განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება, წიაღისეულ საწვავზე მისი დამოკიდებულება ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერია.

პანდემიასთან ბრძოლამ და შემდეგ უკვე უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ყველა სახის ენერგიის ფასი რეკორდულად გაზარდა. 2022 წლის პირველ ნახევარში ნავთობი 50%-ით გაძვირდა. სწორედ ენერგეტიკული შოკი გახდა ინფლაციის დაჩქარების მიზეზი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია გაჭირვება და გაუჩინა თავსატეხი პოლიტიკოსებს მთელი მსოფლიოს გარშემო.

1. რამ გამოიწვია ენერგეტიკული შოკი?

სულ რაღაც ორი წლის წინ, აშშ-ის ნავთობის ფიუჩერსების ფასი მცირე ხნით ნულს ჩამოსცდა, რადგან პანდემიამ გლობალურ ეკონომიკას ძირი გამოუთხარა. ერთი წლის შემდეგ, პანდემიის შემდგომ ეკონომიკების აღდგენისა და მზარდი მოთხოვნის გამო, ფასი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა და აღმასვლა განაგრძო.

შემდეგ დაიწყო რყევები, რაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მოჰყვა, რამდენადაც რუსეთი მსოფლიოს ნავთობის 10%-ის წყაროა (ასევე სხვა საქონლის, მათ შორის ლითონების თუ ფქვილის).

რუსეთის ნავთობის ექსპორტის ნახევარზე მეტი გადის ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ ენერგეტიკული ბაზრები გლობალურია. შესაბამისად, მიწოდება-მოთხოვნის ცვლილებები მთელ მსოფლიოში საგრძნობია. 

2. ვინ დაზარალდა?

"ენერგიის შოკით" ყველაზე მეტად მომხმარებლები დაზარალდნენ, რადგან ენერგიაზე ხარჯების შემცირება რთულია. დიდ ბრიტანეთში მარეგულირებლებმა მოქალაქეები უკვე გააფრთხილა, რომ ბუნებრივი აირის ფასის გლობალური მატება გადასახადს 42%-ით გაუძვირებს ოჯახებს ოქტომბერში, როცა ფასი ხელახლა განისაზღვრება, რაც ცხოვრების სტანდარტზე უდიდეს გავლებას იქონიებს. 

ნედლ ნავთობთან შედარებით, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში საწვავის საცალო ფასები კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდა. აშშ-ში მიმდინარე თვეს პირველად, ბენზინმა საშუალოდ გალონზე (3,79 ლიტრი) $5-ს გადააჭარბა.  

ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი იყო რეკორდულად გაზრდილი ინფლაცია, რომლის მსგავსი მსოფლიოს რამდენიმე ათეული წელია არ უნახავს. ფასებთან დაკავშირებული შეშფოთების მიღმა, გაჩნდა მოსაზრებაც, რომ შესაძლოა, გლობალური ელექტრო ქსელები, რომლებიც კლიმატის ცვლილების გამო, გადატვირთულია, კიდევ უფრო მყიფე აღმოჩნდეს, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ გათიშვა, არამედ საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს. 

3. რა შედეგები მოჰყვა "ენერგეტიკულ შოკს"?

მიწოდების გასაზრდელად და საწვავის მარშრუტების ცვლილებისთვის გაწეულ ძალისხმევას მცირე წარმატება მოჰყვა. ევროკავშირმა ეტაპობრივად აკრძალა რუსული ნავთობის იმპორტი და მსოფლიო ბაზრებზე იყიდა უფრო მეტი თხევადი ბუნებრივი აირი იმისათვის, რომ თავი დაეღწია რუსეთის გაზსადენებისთვის, საიდანაც 40%-ს იღებსთავის მხრივ, რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება ევროკავშირის ოთხ ქვეყანა. აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნავთობგადამამუშავებლებს სთხოვა, რომ სიმძლავრეები გაზარდონ. 

გარდა ამისა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ინფლაციის ზრდის შესამცირებლად, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა და სხვა მარეგულირებლები გაზრდიან საპროცენტო განაკვეთს. ეს მყისიერად არ გააიაფებს ენერგიას, მაგრამ მისი მიზანია შეანელოს ეკონომიკური ზრდა ისე, რომ ინფლაცია გაქრეს.

4. შეიძლება ასე გაგრძელდეს?

ივნისის დასაწყისში უკრაინაში ომის დასრულების ნიშანი არ გამოჩენილა. მცირე იმედი, რომ ენერგიის წარმოება გაიზრდება. ნავთობით მდიდარი OPEC-ის ქვეყნები ნავთობის მოპოვების მხოლოდ მოკრძალებულ ზრდაზე თანხმდებიან

West Texas Intermediate ნავთობის ფიუჩერსული კონტრაქტის ფასმა ბარელზე $120-ს გადააჭარბა. ნედლი ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაში - ჩინეთში პანდემიის შემდგომ მოხმარების პოტენციური ზრდა ნავთობის გაძვირების საშიშროებას ქმნის. JPMorgan Chase & Co-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯეიმი დაიმონი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასმა შესაძლოა ბარელზე $150-ს მიაღწიოს. მისივე თქმით, ბანკი ეკონომიკური "ქარიშხლისთვის" ემზადება.

5. რამდენად ძლიერია ახლანდელი "ენერგეტიკული შოკი" წინა შოკებთან შედარებით?

ისტორიას ახსოვს ორი ყველაზე ცნობილი ნავთობის შოკი: 1973 წელს არაბეთ-ისრაელის ომის დროს ნედლი ნავთობის ბევრი მწარმოებელი იძულებული გახდა, რომ არ მიეყიდა რესურსი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერდნენ ისრაელს 

ამის შემდეგ იყო რევოლუცია ირანში, როცა გარკვეული დროით გლობალურად ნედლი ნავთობის მიწოდება დაახლოებით 7%-ით შემცირდა

ამ მოვლენებსა და დღევანდელ მდგომარეობას შორის არსებობს განსხვავებები: ეკონომიკური ზრდა აღარ არის ისე მჭიდროდ დაკავშირებული ნავთობთან, როგორც ეს იყო 1970-იან წლებში. აშშ გახდა მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებელი,ითაც მან განიმტკიცა ენერგეტიკულ დამოუკიდებლობა, რომლისკენაც 1970-იან წლებში ბენზინის დეფიციტმა უბიძგა. 

მიუხედავად ამისა, კრიზისმა აჩვენა, რომ მსოფლიო კვლავ დამოკიდებულია წიაღისეულ საწვავზე, რაზეც ენერგიის სამ მეოთხედი მოდის. ეს მდგომარეობა, სავარაუდოდ, გაგრძელდება ათეულობით წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა განახლებად ენერგიაში უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას დებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენდა კურანი