LIVE

ევროკავშირმა სანქციების მე-6 პაკეტი დაამტკიცა

02 ივნ 202218:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 2553
ევროკავშირმა სანქციების მე-6 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაამტკიცა სანქციების მე-6 პაკეტი, რომელიც ამ დრომდე ბლოკის მიერ დაწესებულ ყველაზე მკაცრ ზომებს მოიცავს. 

სანქციების ახალი პაკეტით ნაწილობრივ იკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი, აგრეთვე, რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank, ასევე, Credit Bank of Moscow და Russian Agricultural Bank საერთაშორისო პლატფორმა SWIFT-დან გაითიშება. 

რუსეთიდან ნედლი ნავთობის შესყიდვა, რომელიც წევრ ქვეყნებს ზღვით მიეწოდება, ექვს თვეში, ხოლო გადამუშავებული ნავთობპროდუქტების იმპორტი რვა თვეში აიკრძალება. 

ევროკავშირი უნგრეთის და იმ ქვეყნების გამო, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და რუსულ ნავთობზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული, დათმობაზე წავიდა და დროებით უშვებს Druzhba მილსადენით ნავთობის იმპორტს. 

პაკეტი ასევე მოიცავს მესამე ქვეყნებში ნავთობის გადაზიდვასთან დაკავშირებული დაზღვევის აკრძალვას, რომელიც ძალაში შევა ზომების ოფიციალური მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ და მიზნად ისახავს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვას.

სანქციების პაკეტის მიღება უნგრეთის პოზიციამ გააჭიანურა. საბოლოოდ ევროკავშირის ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს. უნგრეთის მოთხოვნით, სანქცირებული პირების სიიდან ამოიღეს რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელიც უკრაინაში პუტინის ომის მხარდამჭერია. 

ბლოკის მიერ სანქცირებულთა სიას დაემატა კიდევ ათობით ადამიანი, მათ შორის ალინა კაბაევა, ყოფილი ოლიმპიური ტანმოვარჯიშე, რომელსაც პუტინთან "მჭიდროდ კავშირი" აქვს. 

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრი ქვეყანა წინააღმდეგობას არ გამოთქვამს, შეთანხმება ძალაში ხვალ GMT 07:00 საათზე შევა, რასაც მალევე სანქციების სამართლებრივი ამოქმედება მოჰყვება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ევა კრუკოვსკა და ხორხე ვალერო