LIVE

ნავთობის ფასმა $120-ს გადააჭარბა

08 ივნ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 657
ნავთობის ფასმა $120-ს გადააჭარბა

ნავთობი კვლავ გაძვირდა. West Texas Intermediate-ის ფიუჩერსები ბარელზე $120-ს გადასცდა და თითქმის სამთვიან მაქსიმუმს მიუახლოვდა. 

ნავთობის გაძვირებას წინ უძღოდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ფასი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ჩინეთის მოთხოვნა უახლოეს თვეებში აღდგება.

სუჰაილ ალ-მაზრუეის განცხადებით, ნავთობის ოდენობა, რაც მწარმოებლებს შეუძლიათ, რომ ბაზარზე დაამატონ, დამაიმედებელი არ არის.  

საამიროების განცხადებამდე, ბანკებმა, მათ შორის, Goldman Sachs Group-მა და Morgan Stanley-მა უახლოეს თვეებში ნავთობის ფასის გაზრდაზე მიუთითეს. 

პანდემიის შემდგომ ნავთობის ბაზარი ინარჩუნებს აღმავალ იმპულსს, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ჩინეთში ინფექციის ახალმა ტალღამ უკიდურესი არასტაბილურობა გამოიწვია. ინფიცირების შემთხვევების კლებასთან ერთად, ჩინეთი ამსუბუქებს შეზღუდვებს, რაც ნავთობზე მოთხოვნას ზრდის. 

გასულ კვირას ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) ნავთობის მიწოდების დაახლოებით 50%-ით გაზრდაზე შეთანხმდა

მიმდინარე კვირაში American Petroleum-მა განაცხადა, რომ აშშ-ში ბენზინის მარაგი გასულ კვირას 1,82 მილიონი ბარელით გაიზარდა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დიდ შვებას მოუტანს საწვავის ბაზარს, სადაც მარაგები წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ სეზონურ დონეზეა.

API-ს თანახმად, აშშ-ის ნედლი ნავთობის მარაგი გასულ კვირას გაიზარდა დაახლოებით 1,85 მილიონი ბარელით, ხოლო დისტილატების მარაგი (კატეგორია, რომელიც მოიცავს დიზელს) დაახლოებით - 3,38 მილიონი ბარელით. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს ლონგლი