LIVE

შეერთებულ შტატებში ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

10 ივნ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 806
შეერთებულ შტატებში ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

მაისში შეერთებულ შტატებში წლიურმა ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს, 8.6%-ს მიაღწია. ფასების დონის ზრდა აიძულებს ფედერალურ სარეზერვო სისტემას (Fed), განაგრძოს საპროცენტო განაკვეთების მატება. ინფლაციის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი საცხოვრებლის, საკვებისა და გაზის ფასებმა შეიტანა.

ძირითადი სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც გამორიცხავს სურსათისა და ენერგიის ყველაზე არასტაბილურ კომპონენტებს, თვის ჭრილში 0,6%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელია.

მონაცემები ადასტურებს, რომ, სავარაუდოდ, Fed-ს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სექტემბერშიც მოუწევს. ბენზინის რეკორდული ფასები და გეოპოლიტიკური ფაქტორები საფრთხეს უქმნის ინფლაციის მაღალ დონეზე შენარჩუნებას მომდევნო თვეებში. შედეგად, Fed-ი იძულებული გახდება, ფასების დონის შესანარჩუნებლად ეკონომიკა შეანელოს. 

ძირითადი საქონლის ფასები მაისში ორნიშნა ტემპით იზრდებოდა. ენერგეტიკულ რესურსებზე ფასი 34,6%-ით გაიზარდა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბენზინის ფასები თითქმის 49%-ით არის გაზრდილი. გაზის ფასები ივნისში ახალ მაქსიმუმამდე ავიდა, რაც მიუთითებს გაზრდილი ზეწოლის შესახებ.

სურსათზე ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 11,9%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მეტია 1979 წლის შემდეგ, ხოლო ელექტროენერგია 12%-ით, ყველაზე მაღალი ტემპით 2006 წლის აგვისტოს შემდეგ. საცხოვრებლის ქირა ერთი წლის განმავლობაში 5.2%-ით გაიზარდა, რაც 1987 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

არსებობს მზარდი რისკი, რომ ფასებზე ზეწოლა გაგრძელდება. უკრაინაში მიმდინარე ომმა, ასევე რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებამ, პორტების ბლოკადამ, ჩინეთში კოვიდთან დაკავშირებულმა ლოქდაუნმა და გვალვამ შეიძლება, საკვებისა და ენერგიის ფასები კიდევ უფრო გაზარდოს.

ეს, სავარაუდოდ, დამატებით პრობლემებს შეუქმნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომლის რეიტინგი წლის ბოლოს დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ შრომის ბაზარი ნათელ წერტილად რჩება, მაღალი ინფლაცია, რომელიც ხელფასების ზრდას აჭარბებს, ძირს უთხრის ამერიკელების ნდობას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლივია როკემანი