LIVE

Bloomberg - აშშ საერთაშორისო მოგზაურებისთვის Covid ტესტირების მოთხოვნას ხსნის

11 ივნ 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 917
Bloomberg - აშშ საერთაშორისო მოგზაურებისთვის Covid ტესტირების მოთხოვნას ხსნის

Bloomberg-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ხსნის Covid-19-ის ტესტირების მოთხოვნას საერთაშორისო მოგზაურებისთვის. ცვლილება წესებში 12 ივნისს შევა და განიხილება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ 90 დღეში.

გადაწყვეტილების მიღებას ავიაკომპანიები ითხოვდნენ, რომლებმაც ზომა გადაჭარბებულად მიიჩნიეს.

ამჟამინდელი პოლიტიკის თანახმად, მოგზაურებმა უნდა წარადგინონ ფრენამდე ერთი დღით ადრე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კვლავ მოეთხოვებათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში შესასვლელად.

ჯანდაცვის სააგენტომ შეიძლება გადაწყვიტოს და აღადგინოს მოთხოვნა, თუ ვირუსის ახალი, შემაშფოთებელი ვარიანტი გამოჩნდება. 

ბიოუსაფრთხოების ექსპერტმა ერიკ ტონერმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად არ გაზრდის Covid-19-ის შეერთებულ შტატებში გავრცელების რისკს, თუმცა მოგზაურებმა კვლავ უნდა ატარონ ნიღბები ფრენის დროს, რათა შემცირდეს გავრცელების ალბათობა.

“დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ტესტირების მოთხოვნა არ იყო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ან ლოგიკური და სხვა ქვეყნების უმეტესობამ უარი თქვა ამ მიდგომაზე. ეს იყო გამოწვევა ავიაკომპანიებისთვის და ნამდვილი გამოწვევა მოგზაურებისთვის, რადგან ხალხი უბრუნდება საქმიან და დასასვენებელ მოგზაურობას”,- განაცხადა ტონერმა.

ბოლო კვირების განმავლობაში, ავიაკომპანიის აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ მგზავრებს უჭირთ ჯავშნის გაკეთება უცხო ქვეყანაში ჩარჩენის რისკის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ფრენებზე ბილეთების გაყიდვების მაჩვენებელი დიდწილად პანდემიამდელ დონემდე აღდგა, საერთაშორისო მოგზაურობების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა.

ამერიკის მოგზაურობის ასოციაციის შეფასებით, მოთხოვნის გაუქმებამ შესაძლოა ქვეყანაში 5.4 მილიონი ვიზიტორი და დამატებით $9 მილიარდი მოიზიდოს დარჩენილი კალენდარული წლის განმავლობაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ სინკი