LIVE

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობის დასადგენად NASA სამეცნიერო კვლევას იწყებს

10 ივნ 202211:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 810
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობის დასადგენად NASA სამეცნიერო კვლევას იწყებს

NASA ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) შესასწავლად სამეცნიერო კვლევას იწყებს და შესაბამის გუნდს აყალიბებს. 

UAP (ამოუცნობი საჰაერო ფენომენი) ცაში დანახული ობიექტებია, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია ან არ შეიძლება აიხსნას ბუნებრივი მოვლენებით. NASA ფოკუსირებული იქნება ხელმისაწვდომი მონაცემების იდენტიფიცირებასა და შეგროვებაზე ამოუცნობი საჰაერო მოვლენების მეცნიერულად ასახსნელად.

“როდესაც სიცოცხლეს ეძებ მარსზე, იწყებ შენთვის საინტერესო ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას. ეს არის ფენომენი, რომელიც ჩვენ არ გვესმის და გვინდა მეტი მონაცემების შეგროვება”, - განაცხადა  ასტროფიზიკოსმა დევიდ სპერგელმა, კვლევის ლიდერმა და Simons Foundation-ის პრეზიდენტმა. 

NASA-ს სამეცნიერო მისიის დირექტორატის კვლევის ასოცირებული ადმინისტრატორის თანაშემწე, დენიელ ევანსი ამბობს, რომ კვლევა შემოდგომის პირველ ნახევარში დაიწყება და დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდება. კვლევის ღირებულება არაუმეტეს $100 000-ია.  შესწავლა უპირველეს ყოვლისა დაეყრდნობა ღია მონაცემებს და საბოლოო ანგარიში გამოქვეყნების შემდეგ NASA გამართავს შეხვედრებს შედეგების განსახილველად.

აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების შემდეგ პირველად, მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის კონგრესმა გამართა მოსმენა დაუდგენელი მფრინავი ობიექტების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა არ არის 2021 წელს შექმნილი თავდაცვის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია UAP-ების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაზე, თომას ზურბუხენი, NASA-ს მეცნიერების ასოცირებული ადმინისტრატორი, ამბობს, რომ სამეცნიერო ინტერესმა და საჰაერო უსაფრთხოების შეშფოთებამ აიძულა ჯგუფი, დაეწყო კვლევა. 

ზურბუხენის თქმით, კვლევა არ დაადგენს, არსებობს თუ არა ინტელექტუალური სიცოცხლე დედამიწის გარეთ, მაგრამ შეიძლება დაეხმაროს მკვლევრებს, მცირედით მიუახლოვდნენ კითხვაზე პასუხის გაცემას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლინდსი რუპი