მოსკოვში ფრანგული ავტომწარმოებლის Renault-ის ყოფილ ქარხანას Moskvitch ოფიციალურად ეწოდა. რეესტრში შესაბამისი ცვლილებები 3 ივნისს შევიდა.
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კომპანიამ გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. მაისის შუა რიცხვებში Renault-მა საკუთარი აქტივები მოსკოვის სახელმწიფოსა და მთავრობას გადასცა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ეს საწარმოს საწყისებთან დაბრუნებას ნიშნავს, რადგან მოსკოვის Renault-ის ქარხანა თავდაპირველად Moskvitch-ის საწარმოო ქარხანა იყო.
საბჭოთა ეპოქის ავტომობილების ბრენდი Moskvitch-ი ოფიციალურად 2006 წელს გაკოტრდა, მომდევნო წელს კი კომპანია ლიკვიდირებულად გამოცხადდა.
"2022 წელს Moskvitch-ის ისტორიაში ახალ გვერდს გადავშლით",- განაცხადა გასულ თვეს სობიანინმა.
ფრანგულმა ავტომწარმოებელმა რუსეთიდან გასვლას მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი უწოდა.
მოსკოვის Renault-ის ქარხანა რუსული ბაზრისთვის ისეთ მოდელებს ქმნიდა, როგორიცაა Duster-ი, Kaptur-ი და Nissan Terrano. ქარხანა წელიწადში დაახლოებით 180,000 ავტომობილს აწარმოებდა. Renault-მა გასული წლის ბოლოს რუსეთში ბიზნესი 2,2 მილიარდ ევროდ შეაფასა.
Renault, რომელიც ორწლიანი ზარალის შემდეგ მოგებაზე გასულ წელს გავიდა, იმ დასავლურ კომპანიებს შორისაა, რომლებიც ყველაზე მეტად ექვემდებარებიან რუსეთს. Renault-მა შარშან შემოსავლის დაახლოებით 10% რუსეთიდან მიიღო.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ 1000-მდე კომპანიამ დატოვა.