რუსეთი საბჭოთა ეპოქის ავტომობილების ბრენდს "მოსკვიჩს" აცოცხლებს. მიზანი სამუშაო ადგილების გადარჩენაა მოსკოვში მდებარე ქარხანაში, რომელსაც ფრანგული ავტომწარმოებელი Renault-ი ყიდის.
Renault-მა Avtoframos-ის ქარხნის გასხვისება რუსულ ავტომწარმოებელ AvtoVAZ-ში 68%-იანი წილის გაყიდვასთან ერთად გამოაცხადა. კომპანიამ გადაწყვეტილება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო. უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციების ფონზე, პუტინმა საბჭოთა სტილის თვითმყოფადობაზე გადასვლას გაუსვა ხაზი, რომელიც ეკონომიკას ფუნქციონირებად მდგომარეობაში შეუნარჩუნებს. თუმცა, პროგნოზების მიხედვით, ქვეყანა 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ეკონომიკურ ვარდნას განიცდის.
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადება, რომელიც ქარხნის ქალაქის საკუთრებაში გადასვლას აღნიშნავს, საწარმოს ორიგინალურ საწყისებთან დაბრუნებას უსვამს ხაზს, რადგან მოსკოვის Renault-ის ქარხანა თავდაპირველად "მოსკვიჩის" საწარმოო ქარხანა იყო.
"მოსკვიჩის" ქარხანა, როდესაც 1930 წელს თავდაპირველად დაიწყო ოპერირება, Ford-ის ავტომობილებს აწარმოებდა. მას შემდეგ, რაც ქარხანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისგან Opel-ის საწარმოო ხაზი შეიძინა და საკუთარი ბრენდის წარმოებაზე გადაერთო, "მოსკვიჩი" საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარული ბრენდის მანქანა გახდა.
1991 წელს კომუნისტური სახელმწიფოს ჩამოშლის შემდეგ ქარხანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფუნქციონირებას ცდილობდა, თუმცა 2002 წელს გაკოტრების გამოცხადება და ლიკვიდაციაზე გადასვლა მოუწია. Renault-მა ქარხანაში წარმოება 2005 წელს დაიწყო, შემდეგ კი AtvoVAZ-ის წილი შეიძინა, რომელიც რუსეთის უმსხვილესი ავტომწარმოებელია.
მოსკოვის Renault-ის ქარხანა რუსული ბაზრისთვის ისეთ მოდელებს ქმნიდა, როგორიცაა Duster-ი, Kaptur-ი და Nissan Terrano. ქარხანა წელიწადში დაახლოებით 180,000 ავტომობილს აწარმოებდა. სობიანინის განცხადებით, ამჟამად მთავრობა კლასიკური ავტომობილების წარმოებას გეგმავს, ხოლო შემდეგ ელექტრომობილებზე გადავა.
"2022 წელს მოსკვიჩის ისტორიაში ახალ გვერდს გადავშლით",- განაცხადა სობიანინმა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია