LIVE

დამფუძნებლის სანქცირების ფონზე Yandex-ის აქციების ფასი დაეცა

03 ივნ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 718
დამფუძნებლის სანქცირების ფონზე Yandex-ის აქციების ფასი დაეცა

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში Yandex-ის დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი სანქცირებულთა სიაში მოხვდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 14%-ით დაეცა. კერძოდ, თუ დღეს დილით 1,611 რუბლად ივაჭრებოდა, 16:30 საათისთვის 1,375 რუბლზე ჩამოვიდა. 

Reuters-ის ინფორმაციით, ვოლოჟი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას და დირექტორთა საბჭოს ტოვებს. Yandex-ის განცხადებით, ვოლოჟმა თავისი ხმის უფლება საბჭოს გადასცა და თქვა, რომ მისი რწმენით, ახალი მოვლენები კომპანიის ოპერაციებზე, მის ფინანსურ მდგომარეობაზე ან პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს. 

გუშინ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 და ყველაზე მკაცრი პაკეტი დაამტკიცა. რუსეთიდან ნედლი ნავთობის შესყიდვა, რომელიც წევრ ქვეყნებს ზღვით მიეწოდება, ექვს თვეში, ხოლო გადამუშავებული ნავთობპროდუქტების იმპორტი რვა თვეში აიკრძალება. 

ახალი პაკეტით, ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა 65 ფიზიკური პირი და 18 კომპანია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უჭერს მხარს რუსეთის ძალებს ან მთავრობას. 

სანქცირებულთა სიაში ასევე შედიან სპორტსმენი ალინა კაბაევა, რომელიც ვლადიმერ პუტინთან "მჭიდრო კავშირში" იმყოფება, კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის შვილი ელიზავეტა პესკოვა და მისი ცოლი ტატიანა ნავკა, ხერსონის ოლქში მოსკოვის მიერ დასმული მმართველი კირილ სტრემოუსოვი და Roskomnadzor-ის ხელმძღვანელი ანდრეი ლიპოვი.

შეზღუდვები სამხედრო პირების მიმართაც ამოქმედდა. მათ შორისაა, პოლკოვნიკი აზატბეკ ომურბეკოვი, რომელსაც მეტსახელად "ბუჩას ჯალათს" ეძახდნენ და მიხაილ მიზინცევი, მეტსახელად "მარიუპოლის ჯალათი".

ევროკავშირი სანქციებს აწესებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგაც. ინდივიდუალურ პირებთან ერთად სანქციებს ბელარუსული საწარმოები დაექვემდებარა.

უნგრეთის მოთხოვნით, სანქციების სიაში პატრიარქი კირილი (გუნდიაევი) არ მოხვდა, რასაც ჯოზეფ ბორელმა კომპრომისზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის ხარჯი უწოდა. 

მე-6 პაკეტით განსაზღვრული შეზღუდვების ჩათვლით, ევროკავშირის სანქციები სულ 1 158 ფიზიკურ პირსა და 98 სუბიექტზე ვრცელდება.