LIVE

უკრაინის ელჩი: თურქეთი რუსეთის მიერ მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს

03 ივნ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1037
უკრაინის ელჩი: თურქეთი რუსეთის მიერ მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს

ანკარაში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს

ელჩმა ვასილ ბოდნარმა ჟურნალისტებს დღეს ასევე განუცხადა, რომ მან დახმარებისთვის მიმართა თურქეთის ხელისუფლებას და ინტერპოლს, რათა გამოიძიოს თუ ვინ არის ჩართული თურქეთის წყლით მარცვლეულის გადაზიდვაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გასულ თვეს განაცხადა, რომ რუსი ქურდები უკრაინულ მარცვლეულს იპარავენ და მის გაყიდვას საზღვარგარეთ ცდილობენ. 

"ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე უარის თქმისკენ მოვუწოდებ. ნუ იყიდით მოპარულ მარცვლეულს, ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი", - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე. 

რუსეთი და უკრაინა კონფლიქტამდე ხორბლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 30%-ს აწარმოებდნენ. რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინის პორტების ბლოკირების გამო, მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი 62%-ით შემცირდა. პორტების ბლოკადა და მარცვლეულის მიწოდების შეფერხება გლობალური შიმშილის საფრთხეს ქმნის. ამის გამო დასავლეთი რუსეთს ღიად ადანაშაულებს. 

G-7-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინული მარცვლეულის სატრანსპორტო მარშრუტებს და შესანახ ობიექტებს, ზრდის მსოფლიო ფასებს და ქმნის "სასტიკი შიმშილის" საფრთხეს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აფრიკაში.