LIVE

თურქეთში ინფლაცია 73.5%-მდე გაიზარდა და 24-წლიან მაქსიმუმზეა

03 ივნ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 723
თურქეთში ინფლაცია 73.5%-მდე გაიზარდა და 24-წლიან მაქსიმუმზეა

თურქეთში მაისში წლიური ინფლაცია 73.5%-მდე გაიზარდა, რაც 1998 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია. ეს მას შემდეგ, რაც აპრილში თურქეთში ინფლაციის 70%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ფასების დონის ზრდის მთავარი კონტრიბუტორი გაძვირებული ენერგია და სურსათია. 

თურქეთის სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 3% შეადგინა. ასევე მაღალია (56%) საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო ფასებზე არასტაბილური პროდუქტების, მაგალითად, საკვების, ენერგიისა და ოქროს ფასების გავლენას გამორიცხავს.

ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელია, რამდენადაც ხელისუფლებამ უპირატესობა ეკონომიკურ ზრდასა და ექსპორტს მიანიჭა. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიდი ხანია მხარს უჭერს თეორიას, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები იწვევს ინფლაციას და არ უწყობს ხელს მის შეკავებას, რაც ცენტრალურ ბანკზე ზეწოლას იწვევს. 

აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა ორ წელზე ნაკლებ დროში ეროვნული ბანკის 3 პრეზიდენტი გაათავისუფლა. ცენტრალური ბანკის წინა მმართველი, ნაჯი აგბალი, რომელმაც ინფლაციის პრობლემის გადასაჭრელად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, წინააღმდეგობაში მოდიოდა ერდოღანის შეხედულებასთან. ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი, საჰაფ კავჯიოღლუ განაკვეთებთან დაკავშირებით ერდოღანის პოზიციას იზიარებს.

ცენტრალური ბანკი ამ დროისთვის თავი იკავებს განაკვეთების გაზრდისგან. ამის ნაცვლად, ის ხელს უწყობს ადგილობრივი ვალუტის გამოყენების წახალისებას და გრძელვადიან საინვესტიციო სესხებს.

აღნიშნული პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ აქვს ლირას, დოლართან მიმართებით, მიმდინარე წელს განვითარებად ბაზრებზე ყველაზე ცუდი შედეგი.

ცენტრალური ბანკი განაკვეთის დადგენის მომდევნო სხდომას 23 ივნისს გამართავს.

ერდოღანმა გასულ თვეს აღიარა, რომ 2018 წლის შემდეგ მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარჯი გაზარდა. შინამეურნეობებზე ტვირთის შემსუბუქების მიზნით, თურქეთმა იანვარში მინიმალური ხელფასი 50%-ით გაზარდა.

"მომხმარებლები კრიზისის წინაშე დგანან, ლირა მკვეთრად ეცემა, ინფლაცია უკონტროლოა და სურსათსა და ენერგიაზე ფასები იზრდება. სავარაუდო შედეგი არის დუნე ეკონომიკა, რომლის აღდგენასაც მთავრობა დაკრედიტების გაფართოებით ცდილობს",- ამბობს ზიად დაუდი, Bloomberg-ის განვითარებადი ბაზრების ანალიტიკოსი.

ამ დროისთვის სამრეწველო ინდუსტრია და სამშენებლო სექტორი კარგად მუშაობს. თუმცა, წარმოების მაჩვენებელი მარტში და აპრილში შემცირდა, ხოლო საცალო გაყიდვებმა პირველი კვარტალი 2020 წლის შემდეგ ყველაზე ნელი ზრდით დაასრულა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული სურსათისა და ენერგიის ფასების ზრდა მომხმარებლებზე ზეწოლას გააძლიერებს, რამდენადაც თურქეთი ნავთობის მთავარი იმპორტიორია.

თურქეთის ეკონომიკა წელს, სავარაუდოდ, 3%-ით გაიზრდება, რაც მკვეთრი შენელებაა 2021 წლის 11%-იანი ზრდის შემდეგ.

ცნობისთვის, უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბერილ აკმანი