LIVE

თურქეთის ეკონომიკამ ზრდის იმპულსი დაკარგა - სავალუტო და ინფლაციური შოკების ეფექტი

31 მაი 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 783
თურქეთის ეკონომიკამ ზრდის იმპულსი დაკარგა - სავალუტო და ინფლაციური შოკების ეფექტი
montage/Kremlin/dpa/Bloomberg

სავალუტო და ინფლაციური შოკების ფონზე თურქეთის ეკონომიკამ, სავარაუდოდ, ზრდის იმპულსი დაკარგა. 

პანდემიური შოკის შემდეგ, რბილი მონეტარული პოლიტიკის გავლენით, $800 მილიარდიანი ეკონომიკა რეკორდული ტემპით გაიზარდა და აგრძელებდა ზრდას G-20-ის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპით. თუმცა, ლირასა და ფასების არასტაბილურობას საკუთარი ფასი აქვს, რაც ახლა უფრო აშკარა ხდება - მთლიანი შიდა პროდუქტი გასულ კვარტალში ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა 2020 წლის შემდეგ. 

პროგნოზების თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში თურქეთის ეკონომიკური ზრდა წინა კვარტალთან შედარებით 1.3%-ია, ხოლო წლიურ ჭრილში ზრდამ 7.2% შეადგინა.

ცენტრალურმა ბანკმა გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 500 საბაზისო პუნქტით შეამცირა. ამან მცირე სტიმული მისცა ეკონომიკას მაშინ, როცა ინფლაცია სწრაფად იზრდებოდა. ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობით, სესხის აღების დაბალმა ღირებულებამ მხოლოდ გაზარდა ინფლაცია და საბოლოოდ გაანადგურა ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ.

ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს, რადგან ლირა განვითარებადი ბაზრების ეკონომიკებს შორის ყველაზე ცუდ შედეგს აფიქსირებს და ფასებზე ზეწოლა გრძელდება. 

ეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს დილემის წინაშე აყენებს, რადგან რისკები იზრდება და არჩევნებამდე ერთი წელი რჩება. 

“წლიურად 70%-იანი ინფლაციის პირობებში, მოხმარება ნელდება შინამეურნეობების მსყიდველობითუნარიანობის შემცირების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტემპის შენელება თავის ტკივილია ერდოღანისთვის, რომელიც არჩევნებში კიდევ ერთხელ გამარჯვებას გეგმავს, მთავარი პრობლემა ლირას არასტაბილურობა და პოტენციური გაუფასურებაა”,- განაცხადა პერ ჰამარლუნდმა, განვითარებადი ბაზრების მთავარმა სტრატეგმა SEB-ში სტოკჰოლმში. 

ერდოღანმა გასულ კვირას აღიარა, რომ 2018 წლის შემდეგ მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარჯი გაზარდა. შინამეურნეობებზე ტვირთის შემსუბუქების მიზნით, თურქეთმა იანვარში მინიმალური ხელფასი 50%-ით გაზარდა.

“მომხმარებლები კრიზისის წინაშე დგანან, ლირა მკვეთრად ეცემა, ინფლაცია უკონტროლოა და სურსათსა და ენერგიაზე ფასები იზრდება. სავარაუდო შედეგი არის დუნე ეკონომიკა, რომლის აღდგენასაც მთავრობა დაკრედიტების გაფართოებით ცდილობს”,- ამბობს ზიად დაუდი, Bloomberg-ის განვითარებადი ბაზრების ანალიტიკოსი.

ამ დროისთვის სამრეწველო ინდუსტრია და სამშენებლო სექტორი კარგად მუშაობს. თუმცა, წარმოების მაჩვენებელი მარტში და აპრილში შემცირდა, ხოლო საცალო გაყიდვებმა პირველი კვარტალი 2020 წლის შემდეგ ყველაზე ნელი ზრდით დაასრულა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული სურსათისა და ენერგიის ფასების ზრდა მომხმარებლებზე ზეწოლას გააძლიერებს. თურქეთის ეკონომიკა წელს, სავარაუდოდ, 3%-ით გაიზრდება, რაც მკვეთრი შენელებაა 2021 წლის 11%-იანი ზრდის შემდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბერილ აკმანი და ბარის ბალჩი