LIVE

სანქციები რუსეთის ეკონომიკას დაასრულებს - გერმანია

03 ივნ 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 853
სანქციები რუსეთის ეკონომიკას დაასრულებს - გერმანია

გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა და დროსთან ერთად, ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.  

ჰაბეკი, რომელიც გერმანიის ეკონომიკის მინისტრიცაა, ამბობს, რომ უსაფრთხოების პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მალე ვეღარ იფრენენ რუსეთის თვითმფრინავები, ხოლო მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ნაკლებობა "წარმოების პროცესების განადგურებას გამოიწვევს".

"ის უფრო შორს წასვლას ვერ შეძლებს. დრო არ მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ, ის მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ, მუშაობს რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ", - განუცხადა ჰაბეკმა ბერლინის ბუნდესტაგში დეპუტატებს. 

Bloomberg Economics-ის შეფასებით, მაშინაც კი, როდესაც გერმანია და სხვა ქვეყნები წყვეტენ ან ეტაპობრივად აჩერებენ რუსული ენერგორესურსების იმპორტს, მოსკოვის ნავთობისა და გაზის შემოსავალი მიმდინარე წელს დაახლოებით $285 მილიარდი იქნება, რაც 2021 წელთან შედარებით, მეხუთედზე მეტია. თუ მას სხვა საქონლის ექსპორტს დავუმატებთ, ის სანქციებით გაყინულ $300 მილიარდის ღირებულების საგარეო რეზერვებს ანაზღაურებს. 

გუშინ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 და ყველაზე მკაცრი პაკეტი დაამტკიცა. რუსეთიდან ნედლი ნავთობის შესყიდვა, რომელიც წევრ ქვეყნებს ზღვით მიეწოდება, ექვს თვეში, ხოლო გადამუშავებული ნავთობპროდუქტების იმპორტი რვა თვეში აიკრძალება. 

"ჩვენ ამას გასართობად არ ვაკეთებთ. ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ზიანი მივაყენოთ პუტინის ეკონომიკას და შევიტანოთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წვლილი ამ ომის დასრულებაში. ჩვენ ვცდილობთ რუსეთის ეკონომიკის სწრაფად შემცირებას", - განუცხადა ჰაბეკმა კანონმდებლებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იენ როჯერსი