LIVE

ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

03 თებ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 517
ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს
Andrew Harrer/Bloomberg

Amazon.com-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი, თანამდებობას 2021 წლის მესამე კვარტალში დატოვებს. მილიარდერი აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს. მის ადგილს ენდი ჯესი, ვებსერვისების ხელმძღვანელი, დაიკავებს. ის Amazon-ში 1997 წლიდან მუშაობს. ვარაუდობენ, რომ ახალი CEO კომპანიის ამჟამინდელ გზას გააგრძელებს.

53 წლის ჯესი წლებია ბეზოსის პოტენციურ მემკვიდრედ განიხილება. გარდამავალი პერიოდი ემთხვევა დროს, როცა, პანდემიის ფონზე Amazon-ი რეკორდულ გაყიდვებსა და მოგებას ითვლის ვებ-სერვისებიდან, რომლის შექმნა და მართვა ჯესის უკავშირდება. 

ჯესი, რომელიც თავისი კარიერის ადრეულ ეტაპზე ბეზოსის ტექნიკური მრჩეველი იყო, კოლეგების თქმით, უპირატესობას მონაცემებზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს ანიჭებს და კომპანიის პოლიტიკის ცენტრში მომხმარებელს აყენებს. ჯესი ასევე განთქმულია როგორც პროექტების მიკრომენეჯერი, რაც მისი კიდევ ერთი საერთო თვისებაა ბეზოსთან. 

ჯესის დაწინაურება CEO-ს პოზიციაზე, ალბათ ცუდი სიახლეა Oracle Corp-ის, Microsoft-ისა და Google-ის მსგავსი კომპანიებისთვის, რომლებიც Amazon-ს ინტერნეტით სერვისების მიწოდებაში უწევენ კონკურენციას. 

ბეზოსი შორს არ მიდის. 57 წლის მილიარდერი აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს. მსგავსი ცვლილება Microsoft-შიც მოხდა,  როდესაც ბილ გეითსი გენერალური დირექტორობიდან თავმჯდომარის პოსტზე გადავიდა.  

ახალი პოზიცია ბეზოსს საშუალებას მისცემს ყურადღება გაამახვილოს ინოვაციებსა და პერსპექტიულ იდეებზე. ახლა მას შეეძლება მეტი დრო დაუთმოს სხვა პროექტებს, მათ შორის, კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ს, Washington Post-სა და კლიმატის ცვლილების მიზეზებს. 

ბეზოსის წარმატების ისტორია 25 წლის წინ დაიწყო, როცა მან სიეტლის ავტოფარეხში ონლაინ წიგნების მაღაზია დააარსა. ახლა მისი ქონება თითქმის 200 მილიარდი დოლარია და სიმდიდრით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსის წასვლას ანალიტიკოსები ბუნებრივად და გარდაუვალადაც კი მიიჩნევენ, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვებით, თანამედროვე ბიზნესის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური სერია ნაწილობრივ მაინც დასრულდა. მან კომპანია ყველაზე წარმატებულად მართა. ბეზოსმა Amazon-ი “დოთქომების” კრახისგან ახალი გამოგონებებით გადაარჩინა. მათ შორის იყო Kindle, Amazon Prime და AWS.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სპენსერ სოპერი და მეტ დეი