LIVE

პანდემიის პერიოდში საქართველოში მწეველთა რაოდენობა შემცირდა, სიგარეტის მოხმარება კი გაიზარდა - ISET

30 მაი 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 777
პანდემიის პერიოდში საქართველოში მწეველთა რაოდენობა შემცირდა, სიგარეტის მოხმარება კი გაიზარდა - ISET

ISET-ის კვლევის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოში მწეველთა რაოდენობა შემცირდა. 2020-2021 წლებში მწეველთა შემცირების ზუსტი მიზეზის დადგენა კი მკვლევარებს უჭირთ.  

„საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ასეთი შემცირების მიზეზი შესაძლოა იყოს მწეველების სურვილი, შეამცირონ ვირუსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გაუარესების მაღალი რისკები მწეველებს შორის. ამავდროულად, პანდემიამდელ პერიოდში საქართველოში გატარდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და საგადასახადო ცვლილებები, რომლებიც მოწევის შემცირებისკენ იყო მიმართული. ამიტომ 2020 და 2021 წლებში მწეველთა რაოდენობის შემცირების ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია“, - აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.

მწეველთა რაოდენობის შემცირების პარალელურად, პანდემიის დროს გაიზარდა დღიურად მოხმარებული სიგარეტების საშუალო რაოდენობა. კვლევის მიხედვით, ეს სავარაუდოდ დაკავშირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან - გაზრდილ სტრესსა და დეპრესიასთან.

კერძოდ, ISET-ის ინფორმაციით, იმ მწეველებს შორის, რომლებმაც პანდემიის პირობებში მოწევა გააგრძელეს, დღიურად მოხმარებული სიგარეტების რაოდენობა 2021 წელს 2019 წელთან შედარებით 52.2%-ით გაიზარდა, თუმცა 2016-2018 წლების მაჩვენებელზე ნაკლები იყო.

ბოლო 6 წელში მწეველების მიერ დღიურად მოხმარებული სიგარეტების საშუალო რაოდენობა ასეთია:

  • 2016 წელი - 28.5 ღერი;
  • 2017 წელი - 24.6 ღერი;
  • 2018 წელი - 23.9 ღერი;
  • 2019 წელი - 13.5 ღერი;
  • 2020 წელი - 19.1 ღერი;
  • 2021 წელი - 20.6 ღერი.

2016-2019 წლებში ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მოხმარება 465 მილიონი კოლოფიდან 216 მილიონ კოლოფამდე შემცირდა, თუმცა 2021 წელს 291 მილიონ კოლოფს მიაღწია.