LIVE

ეროვნული ბანკი დოლარს აპრილშიც ყიდულობდა - TBC Capital

30 მაი 202212:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 1486
ეროვნული ბანკი დოლარს აპრილშიც ყიდულობდა - TBC Capital

„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი დოლარს აპრილშიც ყიდულობდა.

გასულ კვრაში, ეროვნულმა ბანკმა აუქციონის მეშვეობით 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა, რაც 2019 წლის შემდეგ, სებ-ის მიერ აუქციონზე დოლარის ყიდვის პირველი შემთხვევა იყო. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, მას მერე, რაც აპრილის აუქციონის გარეშე სავალუტო ინტერვენციების სტატისტიკა გახდა ხელმისაწვდომი, გამოიკვეთა, რომ აპრილში დოლარის შესყიდვის მიმართულებით მცირე ინტერვენციებს ასევე ჰქონდა ადგილი.

რაც შეეხება ლარის კურსს, „თიბისი კაპიტალის“ თანახმად, ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ერთ-ერთი მიზეზი, გაუმჯობესებული მოლოდინების გამო, დეპოზიტების მზარდი ლარიზაციაა.

ლარის დეპოზიტებზე წინა თვეებში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, მცირედით, თუმცა შემცირდა. სესხების მხრივ, ასევე მცირედი, თუმცა ზრდა დაფიქსირდა, რაც დაკრედიტების კომპოზიციაში სამომხმარებლო სესხების წილის ზრდის შედეგს წარმოადგენს.

„თიბისი კაპიტალის“ საბაზო სცენარის მიხედვით, წლის ბოლოსათვის და განსაკუთრებით მომავალ წელს, ლარის განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი.

„ცნობილია რომ საერთაშორისო ბაზრებზე, როგორც დოლარის, ასევე ევროს საპროცენტო განაკვეთების მატება უკვე ბაზრების საერთო შეფასებაა, რაც თავისთავად, საქართველოზეც აისახება.

ამასთან, ჩვენი აზრით, არ არის აუცილებელი, რომ ვალუტაში ადგილობრივ დეპოზიტებზე განაკვეთებმა პროპორციულად მოიმატოს, რადგანაც ისტორიულად დოლარის და ევროს საერთაშორისო და ადგილობრივი ფასი მჭიდრო კავშირით არ გამოირჩეოდა“, - აცხადებენ „თიბისი კაპიტალში“ და მიუთითებენ, რომ საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული სახსრების მნიშვნელოვანი გაძვირება გარდაუვალია.