LIVE

რუსეთიდან ჩინეთსა და ინდოეთში რეკორდული რაოდენობის ნავთობი მიედინება

28 მაი 202219:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 1943
რუსეთიდან ჩინეთსა და ინდოეთში რეკორდული რაოდენობის ნავთობი მიედინება
montage/Bloomberg

როდესაც სანქციების ფონზე ქვეყნები რუსული ნავთობის იმპორტს ზღუდავენ, ინდოეთსა და ჩინეთში ტანკერებით ნავთობის რეკორდული რაოდენობა მიედინება. ტრანზიტის მოცულობა 74-დან 79 მილიონ ბარელს აღწევს. 

Kpler-ის თანახმად, ეს ორჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებული მოცულობა - 27 მილიონი ბარელი. ანალიტიკური კომპანიის თანახმად, რუსული ნავთობის იმპორტის მაჩვენებლით აზიის კონტინენტმა პირველად გაუსწრო ევროპას.

ზღვით იმპორტირებული რუსული ნავთობის მოცულობის ზრდა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეარყია უკრაინაში შეჭრამ გლობალური ენერგოვაჭრობა. ამერიკულმა, ბრიტანულმა და ევროპულმა კომპანიებმა ზურგი აქციეს რუსულ ტვირთებს და აიძულეს მოსკოვი, მყიდველები აზიაში მოეძებნა. ჩინეთმა და ინდოეთმა მილიონობით ბარელი ნავთობი იყიდეს, რათა ნაკადებზე უზარმაზარი ფასდაკლებით ისარგებლონ.

“აზიაში ზოგიერთი მყიდველი უფრო მეტად არის ორიენტირებული ეკონომიკაზე, ვიდრე პოლიტიკურ პოზიციებზე. თუმცა, ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის მიმართ ინტერესი გაიზარდა შეერთებული შტატების მხრიდან, შესაბამისად, შესაძლოა იმპორტის ამ ნაკადს გარკვეული რისკები სდევდეს თან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი მოცულობა შემცირდება”,- განაცხადა Kpler-ში ნავთობის საკითხების უფროსმა ანალიტიკოსმა, ჯეინ ქსიმ.

FGE-ს ინდუსტრიული კონსულტანტის ცნობით, თუ ევროკავშირი იმპორტის მიმდინარე წელს შეწყვეტაზე შეთანხმდება, აზიაში ზღვით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 45-60 მილიონი ბარელით გაიზრდება. 

რუსეთის დასავლეთის პორტებიდან აზიამდე ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გემებს გაცილების ხანგრძლივი მოგზაურობა უწევთ. ჩინეთამდე მიღწევას დაახლოებით 2 თვე დასჭირდება. 

26 მაისის მონაცემებით, შორეული აღმოსავლეთის წყლებში ურალის ტიპის ნავთობის 57 მილიონი ბარელი, ხოლო ESPO-ს ტიპის ნავთობის 7,3 მილიონი ბარელი იყო. Kpler-ის მონაცემებით, თებერვლის ბოლოს ურალის ტიპის ნავთობის მოცულობა 19 მილიონი ბარელი იყო, ხოლო ESPO-ს - 5,7 მილიონი ბარელი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შერონ ჩო