
რუსეთი პოტენციურ დეფოლტს კიდევ უფრო მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც ამერიკელი ინვესტორებისთვის საკვანძო სანქციებზე უარის თქმის უფლებას ვადა გაუვიდა.
კერძოდ, ლიცენზიის ვადის გასვლის შემდეგ აშშ-ს ბანკებსა და ფიზიკურ პირებს ოთხშაბათიდან რუსეთის მთავრობისგან ობლიგაციებზე გადახდების მიღება ეკრძალებათ.
რუსეთს პარასკევს საგარეო ვალისთვის $100 მილიონიანი გადახდა უწევს. რადგან სანქციებისთვის თავის არიდების დაშვებისთვის ვადის გასვლა მოსალოდნელი იყო, ქვეყანამ ფულის ტრანსფერი გასულ კვირას დაიწყო, რათა ახალ შეზღუდვებამდე ტრანზაქცია მოესწრო. რუსეთის განცხადებით, თანხები გადამხდელ აგენტამდე მივიდა და შესაბამისად მისი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება.
ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ლიცენზიის ვადის გასვლის შემდეგ რუსეთი საგარეო ვალს რუბლებში მოემსახურება, რადგან სანქციებში ამერიკელი ინვესტორების სასარგებლოდ დატოვებული ხარვეზის ვადის ამოწურვა ნიშნავს, რომ მოსკოვს გადახდების დოლარში განხორციელება აღარ შეეძლება.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს კიდევ ერთი ბარიერი ემატება, ჯერ კიდევ არ არის ნათელი იქნება თუ არა ეს საკმარისი რუსეთის დეფოლტამდე მისაყვანად.
პირველ რიგში, აშშ-ს გარეთ ბონდების მფლობელებმა შესაძლოა ჯერ კიდევ შეძლონ თანხების მიღება. მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი საბროკეროს ITI Capital-ის მიხედვით, რადგან რუსეთის ბონდების მფლობელების უმეტესობა ევროპაშია, საკმარისი კრედიტორი არ დარჩება დაუკმაყოფილებელი იმისთვის, რომ დეფოლტი გამოცხადდეს. დეფოლტისთვის ბარიერი, როგორც წესი, ვადაგადაცილებული ობლიგაციების მფლობელების 25%-ია.
თუ რაიმე ვალის გადახდა ვერ მოხერხდა, რუსეთს 30 დღემდე საშეღავათო პერიოდი აქვს გამოსავლის მოსაძებნად, როგორც ეს მაისის დასაწყისში გააკეთა, როდესაც ინვესტორებმა გადახდების დაბლოკვის შემდეგ ფული ბოლო წუთს მიიღეს.
ჯამში რუსეთს კუპონის გადახდებში მიმდინარე წელს $1 მილიარდის გადახდა მოუწევს. თუმცა, ქვეყანას საკმარისი ნაღდი ფული აქვს, რასაც გაზის, ნავთობის და სხვა საქონლის გაყიდვით ყოველკვირეულად იღებს.
აღსანიშნავია, რომ 25 მაისის შემდეგ ამერიკელებისთვის ნებისმიერი გადახდა აკრძალული არ არის. ლიცენზიის მიხედვით, რომელიც ხაზინამ 7 აპრილს გასცა, აშშ-ის ინვესტორებს რუსული ფინანსური ინსტიტუტის Alfa-Bank-ისგან დისტანცირების ვადა 30 ივნისამდე აქვთ, ხოლო ბრილიანტების კომპანია Alrosa-სგან 1 ივლისამდე.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდნი მაკი