LIVE

EBRD უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დამატებითი თანხების მოსაზიდად ემზადება

25 მაი 202220:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 486
EBRD უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დამატებითი თანხების მოსაზიდად ემზადება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ემზადება დამატებითი თანხების მოზიდვისთვის უკრაინის აღსადგენად და პირობას დებს, რომ 2022 წელს უკრაინაში 1 მილიარდ ევროს დახარჯავს.  

ევროკავშირის შეფასებით, უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ჯამური ღირებულება შესაძლოა, 500-დან 600 მილიარდ ევრომდე იყოს.

“მოუთმენლად ველით დონორთა დაფინანსების მიღებას, განსაკუთრებით რეკონსტრუქციის მიზნით, რადგან რასაც ახლა ვაკეთებთ, არის ერთგვარი გადაუდებელი დაფინანსება უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად", - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ Reuters-ის გლობალური ბაზრების ფორუმზე.  

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების ნაწილი მაინც იყოს გრანტების და არა სესხების სახით, რათა ქვეყანა არ დაიტვირთოს დამატებითი ვალით. აღნიშნული თანხა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში შეიძლება $70-დან $90 მილიარდამდე აღწევდეს.

EBRD-ი ასევე ზრდის ინვესტიციებს სოფლის მეურნეობის სექტორში სხვადასხვა ქვეყანაში და ფოკუსირებულია მარცვლეულის იმპორტის დაფინანსებაზე, შენახვისა და წარმოების შესაძლებლობების განვითარებასა და სასუქებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებაზე, რადგან უკრაინის კრიზისმა დააზარალა სურსათის მსოფლიო მარაგი.

“გასულ კვირას დავიწყეთ ერთგვარი სამოქმედო გეგმის შემუშავება განვითარების სხვა ბანკებთან, თუ რას გააკეთებს თითოეული ჩვენგანი ამ სფეროში”, - თქვა მან.

ომი, ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და სურსათის დეფიციტი ზრდის გლობალური რეცესიის ალბათობას, აღნიშნავს რენო-ბასო.

“ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და მოიძებნება თუ არა გამოსავალი სურსათის კრიზისიდან. ვითარება საკმაოდ მძიმეა”,- თქვა მან.