LIVE

I კვარტალში საქართველოდან ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა - საქსტატი

25 მაი 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 707
I კვარტალში საქართველოდან ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა მოგზაურების 261 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 4.2-ჯერ მეტია

აქედან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 216 ათასი შეადგინა. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა (103 ათასი ვიზიტი) და რუსეთში (26 ათასი ვიზიტი). მონახულებული ქვეყნების მიხედვით საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებაში, თურქეთის წილი 46%-ია, რუსეთის კი 11,8%. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, მათ 12.4% უკავიათ.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა. ვიზიტების 95.5% განმეორებითი ხასიათის იყო. 

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების განაწილება მიზნის მიხედვით ასეთია:

  • მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით - 31.2%;
  • საყიდლების მიზნით - 30.5%;
  • პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობის მიზნით - 19.8%;
  • დასვენებისა და გართობის მიზნით - 11.7%.  

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 144.4 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 164.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2022 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ჯამში 285 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 319 ლარი შეადგინა.