LIVE

"ჩვენი იმედი გქონდეთ" - ევროკავშირი სომხურ ექსპორტს საკუთარ ბაზარს უხსნის

02 ივლ 202615:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 91
"ჩვენი იმედი გქონდეთ" - ევროკავშირი სომხურ ექსპორტს საკუთარ ბაზარს უხსნის
primeminister.am

ევროკავშირი სომხეთისთვის 18 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოყოფს, ხოლო საექსპორტო პროდუქციაზე დაწესებულ ტარიფების უმეტესობას აუქმებს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა რუსეთის მხრიდან დაწესებული ემბარგოს ნეგატიური გავლენისგან დაიცვას.

სომხეთის ევროკავშირის მიმართ სწრაფვის საპასუხოდ დაწესებულმა რუსულმა ემბარგომ მნიშვნელოვნად დააზარალა სომეხი ექსპორტიორები, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქციის, ყვავილების, თევზის და ალკოჰოლური სასმელების ნაწილში.

სომხეთი რუსეთის მიერ მართული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია და მისი საგარეო ვაჭრობის მესამედი სწორედ რუსეთის ბაზარზე მოდიოდა გასულ წელს. ევროკავშირის წილი მხოლოდ 11%-ს შეადგენდა.

ახლა ევროკავშირი პირობას დებს, რომ სომხეთი მისგან გაზრდილ მხარდაჭერას მიიღებს და გაერთიანება იზრუნებს იმაზეც, რომ სომხური ნაწარმი ევროკავშირის ბაზარზე უფრო სწრაფად და მარტივად მოხვდეს. 

"ვიცი, რომ სომხეთი მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზეწოლას განიცდის რუსეთის მხრიდან, მაგრამ როცა ჩვენს პარტნიორებზე ზეწოლა იზრდება, ჩვენ ვმოქმედებთ...ჩვენი იმედი გქონდეთ," უთხრა სომხეთში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს.

ევროკავშირის მოქმედება კი უკვე გამოიხატა იმაში, რომ გაერთიანებამ საბაჟო გადასახადი უკვე გააუქმა სომხური პროდუქციის ექსპორტის 80%-სთვის. გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ სომხეთი 18 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს 52 მილიონ ევროიანი დახმარების პაკეტიდან, რომელიც ევროკავშირმა სომხეთისთვის ივნისში დაამტკიცა და საიდანაც 34 მილიონი სომხეთმა ივნისშივე მიიღო. 

გარდა ამისა, ბრიუსელი 200 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს გრანტების სახით იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირები გააძლიეროს.