LIVE

დასაქმებულების 23%-ის ხელფასი 600 ლარამდეა - PMC

24 მაი 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 817
დასაქმებულების 23%-ის ხელფასი 600 ლარამდეა - PMC

აპრილში დასაქმებულების 22.8%-ის ხელფასი 600 ლარამდე იყო. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მაჩვენებელი 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის აპრილთან შედარებით, 9.6 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

2020 და 2021 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ხელფასის სახით 2,400 ლარზე მეტს იღებდნენ. აპრილში მათი რაოდენობა 18% იყო.

რაც შეეხებათ დასაქმებულებს, რომელთა ხელფასიც 9,600 ლარს აღემატებოდა, მათი რაოდენობა 2020 წლის აპრილთან შედარებით 119% გაიზარდა, 2021 წლის შესაბამის პერიოდს კი 11%-ით აჭარბებდა. გასულ თვეში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 9,600 ლარზე მეტს იღებდნენ, 1.5% იყო. 

PMC კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ 2022 წლის აპრილში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით, ხოლო 2020 წლის აპრილთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა.

2022 წლის პირველი კვარტლის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:

  • სამუშაო ძალა - 1 მლნ 491 ათასი ადამიანი;
  • დასაქმებული - 1 მლნ 201 ათასი ადამიანი;
  • დაქირავებით დასაქმებული - 818 ათასი ადამიანი;
  • თვითდასაქმებული - 382 ათასი ადამიანი;
  • უმუშევარი - 290 ათასი ადამიანი;
  • სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე - 49.9%;
  • დასაქმების დონე - 40.2%;
  • უმუშევრობის დონე - 19.4%.

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, jobs.ge-ზე 32,301 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 81%-ით, ხოლო 2019-2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 69%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, 9,112 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 7,069 ვაკანსია - ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, 10,778 ვაკანსია კი - ტექნიკურ/ლოგისტიკურ კატეგორიაში.