Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი, ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია TIME-ის წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა.
100-ეულის სრული სია ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. დიზაინერი ინოვატორების კატეგორიაში მოხვდა.
"მრავალფეროვნება, რომელსაც დემნა წარმოაჩენს, არა მხოლოდ დროს ირეკლავს, არამედ მიისწრაფვის მომავალში. ბრენდის მიღმა მისი განზრახვა უფრო ღრმაა, ვიდრე პროდუქტის გაყიდვა და სწორედ ამიტომ, Balenciaga-ს ეფექტი მთელ მსოფლიოში იგრძნობა", - ნათქვამია Time-ის ვებგვერდზე ამერიკელი მსახიობის, ალექსა დემის შეფასებაში.
2022 წლის მარტში გამოცემამ Balenciaga 100 ყველაზე გავლენიანი კომპანიის სიაში შეიყვანა.
ცნობილი ამერიკული გამოცემის, Time-ის მკითხველებმა მიმდინარე წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნიეს. მან 3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო და 5%-ით პირველი ადგილი დაიკავა. მას მოსდევს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი, მე-3 ადგილზე კი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოხვდა.