LIVE

მსოფლიოს უმდიდრესი ერი ღარიბდება - აშშ-მა 2022 წელს $5 ტრილიონი დაკარგა

22 მაი 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1101
მსოფლიოს უმდიდრესი ერი ღარიბდება - აშშ-მა 2022 წელს $5 ტრილიონი დაკარგა

მსოფლიოს უმდიდრესი ერი ცუდი ამბის წინაშეა - ის ღარიბდება.

ამერიკელების კოლექტიური წმინდა ქონება ბოლო ორი წლის განმავლობაში, პანდემიის პირობებშიც კი, თავბრუდამხვევი ტემპით იზრდებოდა. ფედერალური რეზერვის მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე შინამეურნეობებმა დამატებით $38.5 ტრილიონი დააგროვეს, რის შემდეგაც მათი კოლექტიური ქონება $142 ტრილიონამდე გაიზარდა.

თუმცა, აშშ-ში ხარჯვის პრე-პანდემიურ დონემდე დაბრუნების პარალელურად ახალი საფრთხე ჩნდება: სიმდიდრის ვარდნა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო და JPMorgan-ის შეფასებით სულ მცირე $5 ტრილიონს შეადგენს. ბანკის შეფასებით, რიცხვმა, შესაძლოა, წლის ბოლომდე $9 ტრილიონსაც მიაღწიოს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან S&P 500 ინდექსი 18%-ით დაეცა, Nasdaq 100-მა კი 27%-იანი დანაკარგი განიცადა. Bloomberg-ის კრიპტოვალუტების ინდექსი 48%-ით დაეცა.

ასევე საგულისხმოა, რომ მილიარდერები 2020 და 2021 წლის ყველაზე დიდი გამარჯვებულები იყვნენ. ახლა ისინი ყველაზე მეტს კარგავენ. Bloomberg Billionaires Index-ი, რომელიც 500 უმდიდრესი ადამიანის ქონებას ყოველდღიურად ზომავს, ნოემბრის პიკიდან $1.6 ტრილიონით შემცირდა.

ინდექსში ლიდერები ამერიკელები არიან, რომლებმაც პიკის შემდეგ $797 მილიარდი დაკარგეს. ყველაზე დიდი დანაკარგი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა განიცადა, მან ნოემბრის შემდეგ ჯამში $139.1 მილიარდი დაკარგა, ანუ ქონების 41%. Amazon.com-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, მეორე უმდიდრესმა ადამიანმა, $82,7 მილიარდი დაკარგა, ანუ მაქსიმალური სიმდიდრის 39%.

"ფარდობითი გაგებით, ეს უთანასწორობას ოდნავ შეამცირებს, მაგრამ აბსოლუტური გაგებით, ყველა დაზარალდება. საჭირო იყო გარკვეული შესწორება, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი შესწორებაა და არ ჩერდება",- განაცხადა Georgetown University-ის ფინანსური ბაზრებისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა რინა აგარვალმა.

ბევრის მსგავსად, აგარვალი შეშფოთებულია, რომ ბაზრების დაცემა ფართო ეკონომიკას პრობლემებს შეუქმნის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენ სტივერმანი