LIVE

საფრანგეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

20 მაი 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1143
საფრანგეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
Bloomberg

საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონში დღეს იშვიათი ინფექციის, მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა.  

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ინფიცირებული 29 წლის მამაკაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის და სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. მამაკაცს ახლახან არ უმოგზაურია ქვეყანაში, სადაც ვირუსი უკვე ცირკულირებს. მისი ინფიცირების წყაროს დადგენას საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოები ცდილობენ. 

ჩუტყვავილას მსგავსი ვირუსი, რომელიც პირველად 50 წელზე მეტი ხნის წინ დაფიქსირდა და ტრადიციულად აფრიკის რეგიონებს არ სცდებოდა, გასული ორი კვირის განმავლობაში ევროპის და ამერიკის კონტინენტზე არაერთ ქვეყანაში გამოჩნდა. მაიმუნის ყვავილის ახალი და სავარაუდო შემთხვევები დაფიქსირდა ნიუ-იორკში, შვედეთში, კანადასა და ავსტრალიის ორ უდიდეს ქალაქში.

მაიმუნის ყვავილი გაცილებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე ჩუტყვავილა, თუმცა ის მაინც შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური. მიიჩნევა, რომ შტამი, რომელიც ამჟამად ცირკულირებს, ინფიცირებულთა დაახლოებით 1%-ს კლავს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ვირუსი ადვილად არ ვრცელდება და შეკავების ზომები უმეტესად ეფექტურია, განსაკუთრებით Covid-19-თან შედარებით.

"რისკის მიმართ ფრთხილი ოპტიმიზმით ვართ განწყობილი. მაიმუნის ყვავილის საინკუბაციო პერიოდი ჩვეულებრივ დაახლოებით 9-10 დღე გრძელდება. უფრო ნელა გადამდები ინფექცია აადვილებს დაავადების შეკავებას და ექიმებს რეაგირებისთვის მეტ დროს აძლევს,"- თქვა Evercore ISI-ის ანალიტიკოსმა ჯონათან მილერმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს რეგანი