LIVE

მოსაზრება: კრიპტო ზამთარი გრძელი, ცივი და მკაცრი იქნება

20 მაი 202210:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1130
მოსაზრება: კრიპტო ზამთარი გრძელი, ცივი და მკაცრი იქნება

ცნობილია, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტო აქტივები არასტაბილურია. კრიპტოვალუტები რეგულარულად განიცდიან დიდ ვარდნას, კარგავენ ღირებულების 50%-ს ან მეტს. როგორც ჩანს, ეს დიდად არ აწუხებთ კრიპტოს თავდაჯერებულ მორწმუნეებს, რომლებიც ამ მასშტაბის ვარდნებს მიეჩვივნენ. ისინი, როგორც წესი, ამ ტიპის შემცირებებს კიდევ უფრო მეტი აქტივების შესაძენად იყენებენ.

კრიპტო სივრცეში ბევრია, ვისაც "კრიპტო ზამთარი" ახსოვს, პერიოდი ადრეული 2018-დან შუა 2020-მდე, როცა ფასები დაეცა და აღარ გაზრდილა.

თუმცა, ჭკვიანი ადამიანების უმეტესობა თანხმდება, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას, რომელიც კრიპტოვალუტის საფუძველს წარმოადგენს, უზარმაზარი პოტენციალი აქვს. მაგრამ, ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება ის 10 წლის შემდეგ. ვენჩურულ კაპიტალისტებს მისი სჯერათ და ამ დრომდე Web3-ში (დეცენტრალიზებული ინტერნეტი) უამრავ ინვესტიციას ახორციელებდნენ, რის სანაცვლოდაც კრიპტოვალუტას იღებდნენ. ასევე, დიდი ფული გაკეთდა NFT-შიც. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში ყველა ამ აქტივის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.

თუ ტექნოლოგიური ინვესტირების ნორმალურ ციკლს გავიხსენებთ, 2000 წელს დაწყებული და 2002 წლის ბოლოს დასრულებული dot-com-ის ვარდნა ვენჩურულ კაპიტალისტებს თითქმის მთელი დეკადის განმავლობაში აფრთხობდა. მსხვილმა ვენჩურული კაპიტალის ფირმებმა გასულ წელს კრიპტოსთვის ბევრი ფული შეაგროვეს, ხოლო შემოსავალი, რომელსაც მისგან მიიღებენ დიდი ხნის განმავლობაში არც ისე კარგი იქნება, ეს ბუნებრივია. როდესაც აქტივი შემოსავალს არ გამოიმუშავებს, მისი ღირებულება მთლიანად რწმენაზეა დაფუძნებული. ზოგჯერ ასეთ აქტივებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები ჩნდება, ზოგჯერ კი ნეგატიური. ამის შედეგებს ახლა საფონდო ბირჟაზე ვხედავთ. აქციები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ იმ ტიპის აქტივებს განეკუთვნებიან, რომლებსაც ფუნდამენტი არ გააჩნიათ. ეს სწორედ ის არის, რაც კრიპტოში ინვესტირებას ასე სარისკოს ხდის.

წინა ვარდნების დროს ხალხი განიხილავდა აღდგებოდა თუ არა ბიტკოინი. ახლა ზოგადად ბლოკჩეინის მომავალს უსვამენ კითხვებს. თუმცა, ამ ტექნოლოგიის ულიმიტო შესაძლებლობის შესახებ კითხვები არ უნდა არსებობდეს. თუ ახლა დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტას ფლობთ, სავარაუდოდ, ის მომავალში ბევრად მეტი ეღირება. მაგრამ რამდენად მეტი და როდის იმ ტიპის კითხვებია, რომელსაც ვერავინ უპასუხებს. კრიპტოს კიდევ ერთი ზამთარი ელის, თუმცა ამას კიდევ ერთი აღმასვლა მოჰყვება, რომელსაც კრიპტოვალუტების მცირე ჯგუფი გაუძღვება.

ზოგჯერ ასეთი აქტივების მიმართ რწმენა რაღაც დროით ქრება, თუმცა ის ყოველთვის უკან ბრუნდება. შესაძლოა, Web3-ის და NFT-ის ნაცვლად განსხვავებული ტექნოლოგია გამოჩნდეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ dot-com-ის ჩამოშლის შემდეგ გადარჩენილებმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის Amazon-მა, Facebook-მა და Google-მა. კაპიტალის ბაზარი არის გიგანტური დახარისხების მანქანა, რომელიც ფილტრავს ცუდ იდეებს და აჯილდოებს კარგს. ასე რომ, როდესაც ადამიანები კითხულობენ, დაბრუნდება თუ არა კრიპტო, პასუხი არის დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ბაზრის 98%-არა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯარედ დილიანი