LIVE

იმპორტიორი რუმინეთიდან შემოტანილ საწვავს საწყობში ინახავს და სხვა კომპანიებზე ყიდის

18 მაი 202214:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 2865
იმპორტიორი რუმინეთიდან შემოტანილ საწვავს საწყობში ინახავს და სხვა კომპანიებზე ყიდის

საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, რუმინეთიდან საქართველოში იმპორტირებული საწვავი, ხშირ შემთხვევაში, საბაჟო საწყობში ინახება.

შუალედური ანგარიშიდან ირკვევა, რომ "რომპეტროლი", რომელიც რუმინეთიდან საქართველოში საწვავის ერთადერთი იმპორტიორია, საკუთარ ქსელში ძირითადად ყიდის მაღალი თვითღირებულების საწვავს, ხოლო დაბალი თვითღირებულების საწვავის სხვა კომპანიებზე გადაყიდვას ახდენს. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, 1 ლიტრ საწვავზე საშუალოდ 40 თეთრი იყო.

„რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავის შემთხვევაში, გარდა პირდაპირი იმპორტისა, საქონლის მოთავსება შესაძლებელია საბაჟო საწყობში დროებითი შენახვის რეჟიმში, რა დროსაც საქონელი არ არის მოქცეული თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში და არ არის გადახდილი საბაჟო გადასახადები - დღგ და აქციზი. საქონლის ქვეყანაში შემომტან კომპანიას, შეუძლია პროდუქციის რეალიზება მოახდინოს უშუალოდ საბაჟო საწყობიდან და შემძენის მიერ მოხდება საქონლის მოქცევა კონკრეტულ იმპორტის პროცედურაში.

აღნიშნულ პრაქტიკას ხშირად აქვს ადგილი რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში და ხასიათდება კონკრეტული სპეციფიკით. კერძოდ, რუმინეთიდან საწვავის იმპორტს ახორციელებს მხოლოდ 1 ეკონომიკური აგენტი, რომელიც საცალო ქსელში პროდუქციის გატანის მიზნებისთვის იმპორტის პროცედურაში ძირითადად აქცევს (ან/და ახორციელებს პირდაპირ იმპორტს) მაღალი თვითღირებულების მქონე საქონელს, ხოლო საბაჟო საწყობიდან ქვეყანაში მოქმედ სხვა ეკონომიკურ აგენტებზე საბითუმოდ ახორციელებს იმ მარაგის რეალიზაციას, რომელიც გამოირჩევა დაბალი თვითღირებულებით“, - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ იანვარ-აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი (მთლიანი იმპორტის 31.2%) საწვავი სწორედ რუმინეთიდან შემოვიდა. რომელსაც მოჰყვება ბულგარეთი - 24.1% და რუსეთი - 17.8%.

რაც შეეხება რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის ფასს, აპრილში რუმინეთიდან შემოტანილი რეგულარის ტიპის საწვავის საცალო ფასი 3 ლარი და 80 თეთრი იყო, სადაც ფასნამატის კომპონენტი 20 თეთრს შეადგენდა.