LIVE

აშშ რუსეთისთვის ვალის გადახდის შესაძლებლობის დაბლოკვას აპირებს - დეფოლტის ალბათობა იზრდება

17 მაი 202221:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 915
აშშ რუსეთისთვის ვალის გადახდის შესაძლებლობის დაბლოკვას აპირებს - დეფოლტის ალბათობა იზრდება

Bloomberg-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის, მთლიანად დაბლოკოს რუსეთის შესაძლებლობა, შეასრულოს გადახდები ამერიკაში ობლიგაციების მფლობელებისთვის, რაც მოსკოვს დეფოლტის ზღვართან მიიყვანს.

ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის სამსახური სავარაუდოდ გააუქმებს გენერალურ ლიცენზიას, რომელსაც ვადა 25 მაისს ეწურება. უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ მალევე გამოქვეყნებულმა ლიცენზიამ შესაძლებლობა მისცა მოსკოვს, მომსახურებოდა საგარეო ვალს და თავიდან აეცილებინა სუვერენული ვალის დეფოლტი.

ხაზინის დეპარტამენტის ზოგიერთი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის საგარეო ვალის გადახდის საშუალების მიცემა კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს რუსეთის ხაზინაზე და თანხა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ჯარის შეიარაღებასა და სამხედრო ოპერაციებზე უნდა დაიხარჯოს, ვალის დაფარვას მოხმარდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ხაზინას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ცნობისთვის, რუსეთმა სახელმწიფო ვალზე დეფოლტი ჯერჯერობით თავიდან აიცილა. ქვეყანამ თანხა ვადის საბოლოოდ ამოწურვამდე (4 მაისამდე) ცოტა ხნით ადრე დაფარა. ბონდებზე $650 მილიონის თავდაპირველი გადახდა რუსეთს 4 აპრილს უწევდა, თუმცა აშშ-ს ხაზინამ ქვეყანას გაყინული რეზერვებიდან თანხის გადახდის საშუალება არ მისცა, რამაც დეფოლტის პერსპექტივა გააჩინა. რუსეთმა ინვესტორებს გადახდის განხორციელება რუბლში შესთავაზა, თუმცა საბოლოოდ პოლიტიკა შეცვალა და დოლარის ადგილობრივი რეზერვების გამოყენება დაიწყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სალეჰა მოსინი