LIVE

რუსეთს დეფოლტის თავიდან ასარიდებლად 1 დღე დარჩა

03 მაი 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1255
რუსეთს დეფოლტის თავიდან ასარიდებლად 1 დღე დარჩა

რუსეთს დეფოლტის თავიდან ასარიდებლად ერთ დღეზე ოდნავ მეტი აქვს. ქვეყანას ხვალ ეწურება ინვესტორებისთვის ორ უცხოურ ობლიგაციაზე გადახდის ვადა.

კერძოდ, 4 მაისს იწურება საშეღავათო პერიოდი $650 მილიონის საგარეო ვალის დაფარვისთვის. საშეღავათო პერიოდი მას შემდეგ ამოქმედდა, რაც აპრილის დასაწყისში ქვეყნის გადახდები დაიბლოკა. რუსეთის მიერ უცხოურ ვალზე დეფოლტის გამოცხადება გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ფინანსურ სისტემაში მათი გადახდები ამოძრავდა.

თუმცა, რუსეთს დოლარში გადახდას საბოლოო ნაბიჯები ჯერ კიდევ დასასრულებელი აქვს. ორშაბათისთვის ევროპის ერთ-ერთ საკლირინგო სახლს გადახდა მიღებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

გართულებები საგარეო ვალის მომსახურებაში ფართომასშტაბიანი ფინანსური და ეკონომიკური სანქციების შედეგია, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა. მათ შორისაა სანქციები ყველაზე დიდი რუსული ბანკების წინააღმდეგ, ასევე აქტივების ჩამორთმევის სერია და ქვეყნის უცხოური რეზერვების გაყინვა.

დეფოლტის ათვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც JPMorgan-მა აშშ-ის ხაზინის ბრძანებით, ბონდებზე გადახდები შეაჩერა. რუსეთმა საგარეო ვალის გადახდა რუბლში სცადა, თუმცა სარეიტინგო სააგენტოებმა ეს ობლიგაციების პირობების დარღვევად შეაფასეს.

იმ ფონზე რომ უცხოური რეზერვების ნაწილი გაყინულია, რუსეთმა დოლარის შიდა რეზერვების გამოყენება დაიწყო და გასულ პარასკევს განაცხადა, რომ ნაღდი ფული უცხოურ გადახდის აგენტს გადაურიცხა. ეს აწყობს აშშ-საც, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთი ლოკალურ რეზერვებს დახარჯავს, რომელიც შესაძლოა სხვა შემთხვევაში ომის დასაფინანსებლად გამოეყენებინა.

რუსეთმა დეფოლტის თავიდან ასარიდებლად უნდა მოახერხოს ერთი ობლიგაციის სრულად დაფარვა და მეორე ობლიგაციაზე, რომლის განაღდების ვადა 2042 წელია, კუპონის გადახდა. თუ ტრანსფერი ობლიგაციების მფლობელებამდე მიაღწევს ქვეყანა უცხოური ვალუტის ვალზე 1918 წლის შემდეგ პირველ დეფოლტს აირიდებს, რომელიც ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლას და მათ მიერ მეფის ვალების უარყოფას მოჰყვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია