LIVE

რუსეთმა დეფოლტი ამჯერადაც აირიდა

04 მაი 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1260
რუსეთმა დეფოლტი ამჯერადაც აირიდა

რუსეთმა სახელმწიფო ვალზე დეფოლტი ჯერჯერობით თავიდან აიცილა. ქვეყანამ თანხა ვადის საბოლოოდ ამოწურვამდე (4 მაისამდე) ცოტა ხნით ადრე დაფარა.

ბონდებზე $650 მილიონის თავდაპირველი გადახდა რუსეთს 4 აპრილს უწევდა, თუმცა აშშ-ს ხაზინამ ქვეყანას გაყინული რეზერვებიდან თანხის გადახდის საშუალება არ მისცა, რამაც დეფოლტის პერსპექტივა გააჩინა. რუსეთმა ინვესტორებს გადახდის განხორციელება რუბლში შესთავაზა, თუმცა გასულ კვირას პოლიტიკა შეცვალა და დოლარის ადგილობრივი რეზერვების გამოყენება დაიწყო.

ბონდებზე გადახდების რუბლებში განხორციელების შემთხვევაში, გადახდა შესრულებულად არ ჩაითვლებოდა, რაც საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ დეფოლტს გამოიწვევდა. ქვეყანამ 29 აპრილს განაცხადა, რომ კურსს შეიცვლიდა და საერთაშორისო ობლიგაციებზე გადახდებს დოლარის შიდა რეზერვებიდან დაფარავდა, რაც ასევე აწყობს აშშ-ს, რადგან ქვეყანას უკრაინაში ომის დასაფინანსებლად რესურსი მოაკლდება.

სამშაბათს სამმა ინვესტორმა განაცხადა, რომ ბანკებმა გადახდები მიიღეს. სიტუაციის მცოდნე პირების თქმით, მსხვილმა საერთაშორისო ანგარიშსწორების პალატებმა 2022 და 2042 წლის ევრობონდებზე გადახდები ასევე მიიღეს და დაამუშავეს.

მიუხედავად ამისა, დეფოლტი სრულად არიდებულად არ ითვლება. რუსეთს ჯერ კიდევ $40 მილიარდის საგარეო ვალი აქვს გადასახდელი.

დეფოლტი სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთის პრესტიჟისთვის. ამიტომ ქვეყანა მზად არის დახარჯოს უცხოური ვალუტის რეზერვები ამის თავიდან ასაცილებლად.

საკრედიტო სააგენტოებს, რომლებიც, როგორც წესი, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ ქვეყნის დეფოლტის შესახებ, რუსეთის ვალების შეფასება ევროკავშირის სანქციების გამო ეკრძალებათ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლიბი შერი