
Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ინფლაციასთან არასწორი სტრატეგიით ბრძოლაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ჯო ბაიდენის ტვიტს, სადაც პრეზიდენტი წერს, რომ ინფლაციის კონტროლი შესაძლებელია უმდიდრესი კორპორაციების მიერ “სამართლიანი წილის გადახდით”.
Amazon-მა 2021 წელს $469 მილიარდის გლობალურ შემოსავალზე $3,7 მილიარდი გადაიხადა. თუმცა, მას ხშირად აკრიტიკებენ კორპორაციის ზომის გათვალისწინებით ფედერალურ გადასახადებში წილის სიმცირის გამო.
“დეზინფორმაციის ახლადშექმნილმა საბჭომ უნდა განიხილოს ეს ტვიტი, ან შესაძლოა მათ ნაცვლად შექმნან ახალი საბჭო ალოგიკურ საკითხებზე. კორპორაციული გადასახადების გაზრდაზე შეიძლება საუბარი. ინფლაციის მოთვინიერება კრიტიკულია დისკუსიისთვის. მათი აღრევა უბრალოდ არასწორი მიმართულებაა”, - დაწერა ბეზოსმა Twitter-ზე.
ბეზოსი და Amazon-ი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხშირი სამიზნეები იყვნენ Twitter-ზე. ის ბეზოსის საკუთრებაში არსებულ Washington Post-ში გამოქვეყნებულ კრიტიკულ საგამოძიებო სტატიებს მილიარდერთან პირად დაპირისპირებას უკრავშირებდა.
შეერთებულ შტატებში ინფლაციამ მარტში 40-წლიან მაქსიმუმს, 8.5%-ს მიაღწია. ცენტრალურმა ბანკმა 2000 წლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მეტად გაზარდა. ბანკმა მიანიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა მომდევნო რამდენიმე შეხვედრის განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც ინფლაციასთან საბრძოლველად ათწლეულების განმავლობაში ყველაზე აგრესიული პოლიტიკაა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სპენსერ სოფერი