LIVE

ჩრდილოეთ კორეა Covid-19-ისგან გარდაცვალებას პირველად ადასტურებს

13 მაი 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 670
ჩრდილოეთ კორეა Covid-19-ისგან გარდაცვალებას პირველად ადასტურებს
GETTY IMAGES

ჩრდილოეთ კორეა ადასტურებს, რომ ქვეყანაში ცხელებით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ერთს "ომიკრონის" შტამი დადასტურებული ჰქონდა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამჟამად ცხელების მქონე 187,000 ადამიანი იზოლირებულია და მკურნალობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ცხელების აფეთქება ქვეყანაში აპრილის ბოლოდან შეინიშნება და ამ დრომდე სულ 350 000 შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის დაწყებიდან ჩრდილოეთ კორეაში Covid-19-ის შემთხვევა ოფიციალურად პირველად გუშინ დაადასტურდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში Covid-19 ამ დრომდეც ვრცელდებოდა. 

ოფიციალურმა პირებმა გუშინ განაცხადეს, რომ ვარიანტი "ომიკრონი" ვრცელდება დედაქალაქ ფხენიანში, სადაც შეზღუდვები ამოქმედდა. დღეს ახალი ამბების სააგენტო KCNA-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვირუსი დედაქალაქის მიღმაც ვრცელდება.

ჩრდილოეთ კორეა ცალსახად არ აცხადებს, რომ ახალი შემთხვევები კორონავირუსისგან არის გამოწვეული, თუმცა ქვეყნის ლიდერის მიერ ამ კვირაში Covid-19-ის შემთხვევის დადასტურება შესაძლოა ჩაითვალოს პანდემიის აღიარებად. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შემთხვევების რიცხვი იმდენად გავრცელებულია, რომ ხელისუფლებას მისი დამალვა გაუჭირდება.

KCNA-ს ცნობით, კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ მისი პარტია  ეპიდემიის პრევენციის ომს გამარჯვებით წარმართავს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: შინჰიე კანგი და ძონგ-ჰო ლი