LIVE

კრიპტო მილიარდერებმა ქონების დიდი ნაწილი დაკარგეს

12 მაი 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1702
კრიპტო მილიარდერებმა ქონების დიდი ნაწილი დაკარგეს

Coinbase Global-ის დამფუძნებლის ბრაიან არმსტრონგის პირადი ქონება ნოემბერში $13,7 მილიარდი იყო, მარტის ბოლოს კი $8 მილიარდამდე შემცირდა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, არმსტრონგის ქონება ახლა მხოლოდ $2,2 მილიარდს შეადგენს. ეს მას შემდეგ, რაც ციფრული ვალუტების ფასების ვარდნამ Coinbase-ის, აშშ-ის უმსხვილესი კრიპტო ბირჟის, საბაზრო ღირებულების შემცირება გამოიწვია.

ფირმის აქციები აპრილში პირველი სავაჭრო დღის შემდეგ 84%-ით დაეცა და ოთხშაბათს ვაჭრობის დასრულებისას აქციაზე $53.72 შეადგინა. კომპანიამ ინვესტორები გააფრთხილა, რომ სავაჭრო მოცულობა და ყოველთვიური ტრანზაქციები მეორე კვარტალში კიდევ უფრო შემცირდებოდა.

შემდეგი არის მაიკლ ნოვოგრაცი, კრიპტო სავაჭრო ბანკის Galaxy Digital-ის დირექტორი, რომლის ქონებაც $8.5 მილიარდიდან $2.5 მილიარდამდე ჩამოვიდა. ის TerraUSD-ის გულშემატკივარია, ალგორითმული სტაბილკოინის, რომელიც ახლა სრული კოლაფსის რისკის წინაშეა.

კრიპტო მილიარდერების ქონება, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, კრიტპტოვალუტების ფასების ვარდნის ფონზე უჩინარდება. ბიტკოინი, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა, მეორე უმსხვილეს ეთერიუმთან ერთად, გასული წლის რეკორდული ღირებულებიდან 50%-ით დაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის მფლობელის ქონება შემცირდა, ყველაზე დიდი დანაკარგები ბირჟების მფლობელებს შორის ფიქსირდება.

ჩენგპენგ ჟაომ, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმსტრონგსა და ნოვოგრაცზე მეტი ქონება დაკარგა. ის Bloomberg-ის სიმდიდრის ინდექსი იანვარში $96 მილიარდით გამოჩნდა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქონება იყო. ოთხშაბათის მონაცემებით ჟაოს ქონება $11.6 მილიარდამდე შემცირდა.

ტაილერმა და კამერონ ვინკლევოსებმა, კონკურენტი კრიპტო ბირჟის Gemini-ის თანადამფუძნებლებმა, თითოეულმა მათი სიმდიდრის დაახლოებით 40% დაკარგეს. კრიპტო ბირჟის  FTX-ის დირექტორის სემ ბანკმენ-ფრიდის ქონება მარტის ბოლოდან განახევრდა და დაახლოებით $11,3 მილიარდამდე შემცირდა.

არმსტრონგი არ არის ერთადერთი Coinbase-ის მილიარდერი, რომელიც ფულს კარგავს. კომპანიის თანადამფუძნებელი ფრედ ეჰრსამი, Goldman Sachs Group-ის ყოფილი ტრეიდერის ქონება ამჟამად $1,1 მილიარდს შეადგენს. ეჰრსამის ქონება მიმდინარე წელს 60%-ზე მეტით შემცირდა.

ბიტკოინის ფასი ხუთშაბათს კიდევ 6.1%-ით დაეცა და $27,000-ზე დაბლა ჩამოვიდა, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. ეთერიუმის ფასი 12%-ით შემცირდა, სხვა ციფრულმა მონეტებმა, Avalanche-მა და Solana-მ, რომლებიც  ზოგიერთ ძირითად დეცენტრალიზებულ ფინანსურ პროტოკოლს ეფუძნებიან, ასევე უკან დაიხიეს. კრიპტო სექტორი მთლიანობაში მძიმე დანაკარგებს განიცდის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სკოტ კარპენტერი