LIVE

აშშ-სთან პირდაპირი ფრენები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს - ირაკლი ბაიდაშვილი

12 მაი 202211:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 3694

აშშ-სა და საქართველოს შორის პირველი საცდელი ფრენა შესაძლოა 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში შესრულდეს, ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ავიარეისების დანიშვნა, საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ამერიკელი ტურისტების რაოდენობას გაზრდის. 

„როგორც ვიცი, უკვე არის რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, რომ ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდეს. ეს დიდ სტიმულს მისცემს საქართველოში ტურისტების ზრდას. ამერიკელი ტურისტი ერთ-ერთი საუკეთესოა, იმის გათვალისწინებით, თუ რა თანხას გაიღებს და რამდენად სარგებლობს სხვადასხვა დამატებითი მომსახურებებით.

ამერიკასა და საქართველოს შორის პირველი საცდელი ფრენები, შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში შესრულდეს“, - აღნიშნა ირაკლი ბაიდაშვილმა.

მისი განცხადებით, მეტი ამერიკელი ტურისტის მოსაზიდად შესაბამისმა კომპანიებმა აშშ-ის ბაზარზე უნდა იმუშაონ და საქართველო, როგორც კარგი ტურისტული მიმართულება და საიმედო ბიზნესპარტნიორი, უკეთესად წარმოაჩინონ.

შეგახსენებთ, საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დაწყება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის აპრილში დააანონსა. ამერიკულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების მიზნით 2019 წლის სექტემბერში აშშ-ში იმყოფებოდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც United Airlines-ს, American Airlines-ს და Delta AirLines-ს შეხვდა. როგორც თურნავა აცხადებდა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები მიმზიდველია.