LIVE

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

10 მაი 202215:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 855
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება ევროკომისიის გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელოდება.

„სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კარლ ჰარცელის განცხადებით, კითხვარი ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში დაეხმარება.

„მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში  განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში”, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული, ნაწილი 33 თავს აერთიანებს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა მიმართულებით. მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული.

მთავრობის ინფორმაციით, კითხვარის შევსების პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. მთავრობის მეთაური კი პროცესს პირადად აკონტროლებდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივო გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია.

კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდეგ, ევროკომისია საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას დაიწყებს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა. საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 

შეგახსენებთ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი 11 აპრილს, მოლდოვასთან ერთად გადაეცა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის შევსებული პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება 6 მაისს დაასრულა

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს, გაასაჯაროოს ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები.