LIVE

პუტინის ზეწოლა დამოუკიდებელ რუსულ მედიას კრიპტობაზრისკენ უბიძგებს

10 მაი 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 622
პუტინის ზეწოლა დამოუკიდებელ რუსულ მედიას კრიპტობაზრისკენ უბიძგებს

ცნობილმა რუსულენოვანმა დამოუკიდებელმა საინფორმაციო სააგენტო Meduza-მ იცოდა, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თუმცა არ ელოდა პრობლემების წარმოშობას დასავლეთის სანქციებიდან.

რუსი მკითხველები ვეღარ ახერხებენ ლატვიური გამოცემისთვის Stripe-ის სისტემით გადახდას მას შემდეგ, რაც კომპანია იძულებული გახდა შეეწყვიტა მომსახურება რუსეთში.

“ვერ ვიწინასწარმეტყველებდით, რომ დასავლური მთავრობების სანქციები გაანადგურებდა ჩვენს საჯარო დაფინანსებას”, - ამბობს Meduza-ს მთავარი რედაქტორი, ივან კოლპაკოვი. მისი თქმით, სანქციებმა აიძულა გამოცემა, დაეწყო კრიპტოვალუტების მოთხოვნა და მთლიანად დაეყრდნო უცხოურ ვალუტას.

იმის გამო, რომ პუტინმა ფაქტობრივად აკრძალა ომის დამოუკიდებელი გაშუქება, ასობით ადგილობრივი ჟურნალისტი მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. უპრეცედენტო ზეწოლამ აიძულა მრავალი დამოუკიდებელი მედია დახურულიყო, ხოლო სხვა მედია რესურსები მთავრობის ცენზორმა, როსკომნადზორმა დაბლოკა.  

Novaya Gazeta-მ, რომლის რედაქტორმა დიმიტრი მურატოვმა გასულ წელს ნობელის პრემია მოიპოვა, მარეგულირებლის ზეწოლის შემდეგ საქმიანობა მარტში შეაჩერა, ხოლო რადიო “ეხო მოსკვის” სიხშირე სახელმწიფო პროპაგანდისტულ განყოფილებას გადაეცა.

კრემლის სამიზნეა სოციალური მედიაც. “ექსტრემისტული საქმიანობისთვის” დაიბლოკა Facebook-ი და Instagram-ი. როსკომნადზორმა დააჯარიმა და გააფრთხილა Google-იც YouTube-ის პოლიტიკისთვის. შეზღუდვების გამო რუსეთში პირდაპირი ტრანსლაცია შეაჩერა TikTok-მა.

Meduza აგრძელებს საგამოძიებო მასალების გამოქვეყნებას, მათ შორის ომის სავარაუდო სისასტიკეების შესახებ ბუჩაში. კრემლი დანაშაულებს კატეგორიულად უარყოფს.

კონტენტი დაბლოკილია რუსეთში. თუმცა აუდიტორია სწრაფად ადაპტირდა, რადგან Meduza მოუწოდებს მკითხველებს, ჩამოტვირთონ ახალი ამბების აპლიკაცია და გამოიწერონ Telegram არხი. რედაქცია თავს გრძნობს, როგორც ბუნკერის გადარჩენილთა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას აფრთხილებს, რომ “აპოკალიფსი დგება”.

შეზღუდვების შემოღების შემდეგ Meduza-მ ტრაფიკის დაახლოებით მესამედი დაკარგა და ჯერ კიდევ აქვთ ჯარიმები გადასახდელი. ნაცვლად იმისა, რომ დაეყრდნოს დაახლოებით 30,000 რუსი მკითხველის შემოწირულებას, რომლებიც მხარს უჭერდნენ ომამდე, Meduza სთხოვს საერთაშორისო აუდიტორიას, რაც შეიძლება მალე გამოაგზავნონ დოლარი, ევრო ან კრიპტოვალუტა, რათა დაეხმაროს თავის 25 ჟურნალისტს რიგაში გადასახლებაში.

მათი შემოწირულების გვერდი შეიცავს ინსტრუქციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყიდოთ ბიტკოინი და ეთერიუმი Binance-ზე, ასევე სახელმძღვანელოს მონეროს მეშვეობით გადახდების გაგზავნისთვის. ქსელის მიხედვით, ბიტკოინისა და ეთერიუმს საფულეები Meduza-ს ვებ-გვერდზე, შეიცავს დაახლოებით $230,000-ის ღირებულების კრიპტოვალუტას მიმდინარე ფასებით.

Meduza-სთვის, რომელიც რიგაში 2014 წელს დაარსდა, დაფინანსების გაყინვა და ბიზნეს მოდელის შეცვლა არ არის პირველი შემთხვევა. როდესაც რუსეთმა 2021 წელს გამოაცხადა საიტი “უცხოელ აგენტად”, სარეკლამო შემოსავალი ერთ ღამეში აორთქლდა.

რუსეთი ახლა განიხილავს უცხოური აგენტების კანონის გაფართოებას, რათა დაუშვას აღნიშვნის გამოყენება მაშინაც კი, თუ ცალკეული პირები ან ჯგუფები არ მიიღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან. შეზღუდვები შეეხო რუსეთის საერთაშორისო მედიასაც. Bloomberg News-მა რუსეთში ახალ ამბებზე მუშაობა, ხოლო Bloomberg-მა ყველანაირი საქმიანობა შეაჩერა. 

რეპრესიების ფონზე, ლატვია გადასახლებული მედიის კერად იქცა. მისი დედაქალაქი რიგა, თბილისთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა რუსი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ პუტინის ცენზურას მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა კანონი, რომელიც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს “ყალბი” ამბების გავრცელებისთვის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯილიან დოიჩი და აარონ ეგლიტისი