ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ქეთრინ თაიმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა განიხილეს.
აშშ-ში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, სავაჭრო პოლიტიკის დღის წესრიგი ორიენტირებულია მეტი პროდუქციის ექსპორტზე, მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობების გაფართოებაზე. ქართული მხარის განცხადებით, ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ამბიციური მიზანია ორმხრივი სავაჭრო რეჟიმის გაუმჯობესება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი.
„შეთანხმება ასევე იქნება რეგიონში აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებებს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით PWC-ის მიერ მომზადდა და განსახილველად აშშ-ის მხარეს გადაეცა.
„კვლევის თანახმად, მსგავსი შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის იქნებოდა ეკონომიკურად მიმზიდველი და მომგებიანი. კერძოდ, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოდან ექსპორტი, ყოველწლიურად, მომავალი 5 წლის განმავლობაში 19%-ით გაიზრდება. დამატებით ნავარაუდევია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოიტანს 180 მილიონზე მეტ ინვესტიციას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქნება ზრდა ტურიზმის მიმართულებით“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში, ამდენად, აშშ დაინტერესებულია, გაგრძელდეს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის განვითარებას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების მიმდინარეობის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც სავაჭრო კავშირების გამყარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
შეგახსენებთ, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დელეგაციასთან ერთად რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.