ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, 9-11 მაისს, სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი შეხვედრებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლევან დავითაშვილის შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ქეთრინ თაისთან, აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაში.
ვიცე-პრემიერი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის კონგრესში, სადაც განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული პოლიტიკური საკითხები.
კერძო სექტორთან შეხვედრის ფარგლებში, დავითაშვილი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდება ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრ კომპანიებს, სადაც განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და აშშ - საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის აქტუალური საკითხები. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან.