LIVE

აშშ რუს ოლიგარქებს აფრთხილებს, რომ იახტების გადამალვას ვერ შეძლებენ

06 მაი 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 851
აშშ რუს ოლიგარქებს აფრთხილებს, რომ იახტების გადამალვას ვერ შეძლებენ
Osman Uras/Anadolu Agency/Getty Images

აშშ რუსი მილიარდერის, სულეიმან კერიმოვის $325 მილიონად შეფასებულ მეგა იახტა აშშ-ის კანონების დარღვევისთვის, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის, აკავებს. ამერიკის მთავრობის განცხადებით, რუსი ოლიგარქები თავისი სუპერ იახტების გადამალვას ვერსად შეძლებენ. 

ფიჯის უმაღლესმა სასამართლომ აშშ-სა და ადგილობრივ ხელისუფლებას მდიდრული ხომალდის ჩამორთმევის უფლება 3 მაისს მისცა. იახტა აშშ-ს გუშინ გადაეცა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განაცხადებით, კერიმოვი სუპერ იახტას 2021 წლიდან ფლობს. მილიარდერი 2018 წლიდან შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულია. ოფიციალური ინფორმაციით, კერიმოვი და მასთან დაკავშირებული პირები, სანქციების დარღვევით, აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით, ახორციელებდნენ დოლარის ტრანზაქციებს იახტა Amadea-ს შესანარჩუნებლად.

"ამ იახტის ჩამორთმევა ყველა კორუმპირებული რუსი ოლიგარქისთვის უნდა იყოს მესიჯი, რომ მათ მსოფლიოს ყველაზე შორეულ ნაწილშიც კი არ შეუძლიათ დამალვა. გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რათა აღსრულდეს სანქციები, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის საპასუხოდ", - განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დასავლეთის ქვეყნების მთავრობები აყადაღებენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირების ქონებას: მათ შორის თვითმფრინავებსა და ვილებს. სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებამ, ათზე მეტი მეგა იახტა დააკავა.

მიუხედავად ამისა, Amadea-ს დაკავება და კონფისკაცია ადვილი არ იქნება. სავარაუდოდ, გარდაუვალი იქნება სამართლებრივი დავა იმის დასამტკიცებლად, თუ ვის ეკუთვნის ეს მრავალ მილიონიანი აქტივი. იახტის ჩამორთმევის ბრძანებაში აშშ-ს ხელისუფლება, როგორც ჩანს, ამტკიცებს, რომ ქონების მფლობელი კერიმოვია, მაგრამ დოკუმენტის ეს ნაწილები დაშიფრულია. გემის რეგისტრირებული მფლობელი Millemarin Investments-ია. კომპანიის ადვოკატმა სასამართლოზე უარყო, რომ იახტა კერიმოვს ეკუთვნის. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ადვოკატმა განაცხადა, რომ სუპერ იახტის მფლობელი Rosneft Oil-ის ყოფილ თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ედუარდ ხუდაინატოვია. სავარაუდოდ, ის სანქცირებულთა სიაში არ არის.

რამდენადაც კერიმოვი აშშ-ის სანქცირებულთა სიაში რამდენიმე წლის წინ მოხვდა, მიმდინარე წლის 15 მარტს მის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციები ამოქმედდა.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, კერიმოვის ქონება დაახლოებით $15,9 მილიარდია. მისი ოჯახი ფლობს 46%-იან წილს Polyus-ში, რუსეთში ოქროს მომპოვებელ უმსხვილეს კომპანიაში.

Amadea ფიჯიში 12 აპრილს 18-დღიანი მოგზაურობის შემდეგ ჩავიდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მან სანქცირებული რუსების იახტებიდან ყველაზე დიდი მანძილი დაფარა. 

სანქცირებული რუსი ოლიგარქებთან დაკავშირებული იახტების გადაადგილების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოანჰ ჰა