LIVE

ამერიკული კომპანიების აქციები გაუფასურდა - რყევები საფონდო ბირჟებზე

06 მაი 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 991
ამერიკული კომპანიების აქციები გაუფასურდა - რყევები საფონდო ბირჟებზე

ინფლაციის დაჩქარების ფონზე, დღეს ბაზრებზე აქციებისა და ობლიგაციების ფასი დაეცა, დოლარი კი გამყარდა.  

გუშინ ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა ნეგატიური შედეგი აჩვენეს. S&P 500 რომელიც აშშ-ში მოქმედი 500 კომპანიის აქციისგან შედგება, ერთ დღეში 3.5%-ით შემცირდა. ეს ინდექსში შემავალი კომპანიების 95%-ის აქციების კლების ფონზე მოხდა. ამასთან, Nasdaq 100 ინდექსი, რომელიც 100 არაფინანსურ კომპანიას აერთიანებს, 5%-ით დაეცა.

ბირჟებზე რყევები ამერიკის ცენტრალური ბანკის (FED) მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას მოჰყვა. FED-მა განაკვეთი ბოლო 22 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად, 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდა. ინვესტორები შიშობენ, რომ რეცესიის გაზრდილი რისკისა და ინფლაციური წნეხის ფონზე, მარეგულირებელი პოლიტიკას კიდევ გაამკაცრებს.

დოლარი გამყარდა და კურსი ორი წლის მაქსიმუმს მიუახლოვდა, იუანი კი გაუფასურდა.

ამასთან, ევროპულ ბაზრებზე აქციების ზარალი გაგრძელდა. ინდექსი 1%-ზე მეტად დაეცა და ორი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი ყოველკვირეული ვარდნა დაფიქსირდა. 

ჰონგ-კონგსა და ჩინეთში ტექნოლოგიური სექტორის დასუსტების ფონზე, აზია-წყნარი ოკეანის აქციების ინდექსიც შემცირდა. თუმცა გუშინდელ დღესთან შედარებით, მთლიანი რეგიონული ზარალი ნაკლები აღმოჩნდა. 

ბირჟებზე მოქმედი დამატებითი ფაქტორები უკრაინაში რუსეთის ომი და ჩინეთში Covid-19-ის ხელახლა გავრცელებაა, რაც ასევე იწვევს შფოთვას და შიშს, რომ რეცესია გაღრმავდება. 

საქონლის გაზრდილი ფასები ხარჯების ზრდას იწვევს. ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე შესაძლო ემბარგოს დაწესების და მიწოდების შეფერხების შიშის გამო, West Texas Intermediate-ის ნავთობის ფასი ბარელზე $108-ს გადასცდა.

ამავდროულად, რეცესიის გაღრმავების შიშით, ბიტკოინის ფასი, წლის დასაწყისის შემდეგ, რეკორდულად დაეცა. უმსხვილესი ციფრული ვალუტა 11%-ით გაუფასურდა და $35,611 შეადგინა, რაც 21 იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მეორე უმსხვილესი მონეტის, ეთერიუმის ფასი 8,7%-ით დაეცა. Avalanche და Solana, რომლებიც მიმდინარე კვირაში აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის გაზრდის შემდეგ, საუკეთესო შედეგს აჩვენებდნენ, ასევე 15% და 11%-ით გაუფასურდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუნილ ჯაგთიანი