LIVE

Shell-მა პირველ კვარტალში რეკორდული, $9,13 მილიარდის მოგება მიიღო

06 მაი 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1077
Shell-მა პირველ კვარტალში რეკორდული, $9,13 მილიარდის მოგება მიიღო

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გასვლა $3.9 მილიარდი დაუჯდება, Shell-მა რეკორდულად მაღალი კვარტალური მოგება დააფიქსირა. კომპანიამ ნავთობისა და გაზის მაღალი ფასის ფონზე, წინა წელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტი მოგება მიიღო.

უმსხვილესი ნავთობკომპანიებიდან პირველი კვარტლის შედეგები Shell-მა უკანასკნელმა გამოაცხადა და ძირითადად მისი კატეგორიის წარმომადგენლების მაგალითს გაჰყვა. ლონდონში დაფუძნებულმა კომპანიამ ანალიტიკოსების ყველაზე მაღალ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა.

კომპანიის აქციები ლონდონში 8:01 საათისთვის 2.3%-ით, 2276,5 პენსამდე გაიზარდა.

მზარდმა მოგებამ განაახლა მოწოდებები ერთჯერადი გადასახადის შესახებ, რომლის დაწესებას აქტივისტები მაღალი შემოსავლების სექტორებში ითხოვენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკვე გამორიცხა მსგავსი პოლიტიკა და განაცხადა, რომ ეს ხელს შეუშლის სასიცოცხლოდ საჭირო ინვესტიციებს ადგილობრივი ენერგიის მიმწოდებლებში.

უკრაინაში ომის ფონზე, რამაც ენერგეტიკის ბაზრების ნაწილი შეაფერხა, საქონლით ვაჭრობა საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა. BP-მ ასევე განაცხადა, რომ მისმა სავაჭრო განყოფილებამ წლის პირველ სამ თვეში არაჩვეულებრივი პერფორმანსი დააფიქსირა. Shell-ში გადამუშავებისა და ვაჭრობის მარაგები მეოთხე კვარტალთან შედარებით $1.13 მილიარდით გაიზარდა.

პირველ კვარტალში Shell-ის კორექტირებულმა წმინდა შემოსავალმა $9,13 მილიარდი შეადგინა, წინა წელთან შედარებით $3.23 მილიარდით მეტი. თუმცა, ეს მაჩვენებელი არ გულისხმობს ზარალს, რომელიც რუსეთიდან კომპანიის დაგეგმილმა გასვლამ, მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის Sakhalin-2-ის დატოვებამ გამოიწვია.

სხვა მსხვილმა ნავთობკომპანიებმა, Chevron-ის გარდა, კრემლთან კავშირის შეწყვეტის გამო ერთობლივად $37 მილიარდი ჩამოწერეს. BP-მ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო და გამოაცხადა, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილ Rosneft-ში მისი თითქმის 20%-იანი წილის მოშორება სხვა აქტივებთან ერთად მას $25,5 მილიარდი დაუჯდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლორა ჰარსტი