LIVE

ინდოეთი ცდილობს რუსეთს ნავთობის ფასი $70-მდე დააკლებინოს

04 მაი 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1889
ინდოეთი ცდილობს რუსეთს ნავთობის ფასი $70-მდე დააკლებინოს

ინდოეთი ცდილობს რუსეთს ნავთობზე ფასი კიდევ უფრო მეტად დააკლებინოს და ამ სურვილს იმ რისკებით ხსნის, რაც რუსეთთან ურთიერთობას ახლავს თან, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა შემსყიდველები რუსულ ნავთობზე უარს ამბობენ.

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ინდოეთისთვის სასურველი ღირებულება ბარელზე 70 დოლარია და ამ ფასის შემთხვევაში ჩათვლის რომ სანქცირებულ ქვეყანასთან გართულებული პროცედურები დაკომპენსირდება. ეს იმ ფონზე, როცა ბრენტის ტიპის ნავთობის გლობალური ფასი ამჟამად 108 დოლარის დიაპაზონში მერყეობს.

ინდოეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა და კერძო ნავთობგადამამუშავებელმა საწარმოებმა 40 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი შეისყიდეს რუსეთისგან მას შემდეგ, რაც აგრესორი ქვეყანა უკრაინაში შეიჭრა. Bloomberg-ის გათვლებით, ეს უკვე 20%-ით აღემატება იმ მოცულობას, რაც ინდოეთმა რუსეთისგან მთელი გასული წლის განმავლობაში შეისყიდა.

საერთო ჯამში, ინდოეთში არსებული ნავთობის მარაგების 85%-ზე მეტი იმპორტირებულია. ინდოეთი ერთ-ერთია ქვეყნების იმ მცირერიცხოვან ჩამონათვალში, რომლებიც კვლავ აგრძელებენ რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას და ამით აფინანსებენ პუტინის ომს უკრაინაში. ნავთობზე ევროპული მოთხოვნის გაქრობა რუსულ ნავთობინდუსტრიას მნიშვნელოვნად აზარალებს, მთავრობის პროგნოზით მოპოვება მიმდინარე წელს სავარაუდოდ 17%-ით შემცირდება.  

რუსული ნავთობის ნაკადები ინდოეთისკენ სანქცირებული არ არის, მაგრამ მკაცრი საერთაშორისო შეზღუდვები და აშშ-ს ზეწოლა ოფიციალურ დელიზე ვაჭრობას ართულებს. პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი ჯერჯერობით ეწინააღმდეგება დასავლეთიდან მომავალ მესიჯებს რუსეთთან ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რისი ძირითადი მიზეზი სწორედ მნიშვნელოვნად ფასდაკლებული ნავთობის მიღებაა. მეორე მხრივ, ინდოეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე იარაღის იმპორტის ნაწილშიც.  

თუ რუსეთი დათანხმდება ინდოეთის მოთხოვნას და ფასს მისთვის სასურველ ნიშნულამდე დააკლებს, ინდურ სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს თვეში დაახლოებით 15 მილიონი ბარელის მიღება შეუძლიათ, რაც მთლიანი იმპორტის 10%-ს უტოლდება. საქმეში ჩახედული წყაროები ამბობენ, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ყველაზე მეტ სარგებელს სწორედ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი საწარმოები ნახავენ. კერძო ნავთობგადამამუშავებლები, როგორიცაა Reliance Industries და Nayara Energy, ნავთობს როგორც წესი, ინდივიდუალურად შეისყიდიან.  

თავის მხრივ, ოფიციალური მოსკოვი ცდილობს მონახოს გზები, რომლითაც ინდოეთისკენ მიმავალი ნავთობის მარშრუტებს შეინარჩუნებს, როგორც დასავლეთით ბალტიის ზღვის გავლით, ისე შორეული აღმოსავლეთით, რომელზე ხელმისაწვდომობა უფრო ზაფხულის პერიოდში იზრდება. 

ორი ქვეყანა იმაზეც მსჯელობს, ხომ არ გადაამისამართოს ნავთობის ნაწილი ვლადივოსტოკზე გამავალ მარშრუტზე. რამდენადაც საზღვაო მარშრუტი ვლადივოსტოკიდან შესაძლოა უფრო მოკლე იყოს, ხოლო ნავთობის სახმელეთო გადაზიდვა ლოგისტიკურად უფრო რთული და ძვირადღირებულია.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დებჯიტ ჩაკრაბორტი