LIVE

ნავთობზე ემბარგო, Sberbank-ის SWIFT-დან გათიშვა - რას მოიცავს EU-ს სანქციების ახალი პაკეტი

04 მაი 202211:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 1180
ნავთობზე ემბარგო, Sberbank-ის SWIFT-დან გათიშვა - რას მოიცავს EU-ს სანქციების ახალი პაკეტი

ევროკავშირი უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და სანქციების მე-6 პაკეტს ამზადებს. ახალი შეზღუდვების მიხედვით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირი რუსული ნედლი ნავთობის აკრძალვას გეგმავს, გადამუშავებული საწვავი კი წლის ბოლომდე აიკრძალება. 

"ეს იქნება რუსული ნავთობის, საზღვაო და მილსადენის, ნედლი და გადამუშავებული ნავთობის იმპორტის სრული აკრძალვა. დავრწმუნდებით, რომ რუსული ნავთობი ეტაპობრივად აიკრძალება მოწესრიგებული გზით, ისე, რომ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს საშუალება ექნებათ უზრუნველყოთ მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები და მინიმუმამდე დავიყვანოთ გლობალურ ბაზრებზე გავლენა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.  

საკითხში გარკვეული პირების ინფორმაციით, უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები რუსულ ენერგეტიკაზე და ნავთობის უეცარ შეწყვეტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, სანქციების აღსრულებისთვის უფრო მეტი დრო მიეცემათ. მათ რუსულ ნავთობზე უარი 2023 წლის ბოლომდე უნდა თქვან. 

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირს ასევე სურს Sberbank-ისა და სხვა რუსული ბანკების საერთაშორისო გადახდის SWIFT სისტემიდან გათიშვა. 

სანქციების პროექტი გულისხმობს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველა სერვისის აკრძალვას, მათ შორის დაფინანსებას, საბროკერო, ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას. 

ფონ დერ ლაიენი ასევე გამოვიდა სამი დიდი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის ევროკავშირში აკრძალვის და ბუჩასა და "მარიუპოლის ალყის" დროს ომის დანაშაულების ჩამდენი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრებისა და სხვა დამნაშავე პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით. 

პაკეტი ასევე მოიცავს რუსული კომპანიებისთვის "ევროპიდან ბუღალტრების, კონსულტანტების და სპეციალისტების" მომსახურების აკრძალვას.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის განსახილველად და სავარაუდოდ, დასამტკიცებლად ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები დღეს შეიკრიბებიან. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი, ჯონ ფოლენი და მარია ტადეო