LIVE

EU რუსული გაზის ჩასანაცვლებლად აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობას გეგმავს - Bloomberg

03 მაი 202218:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 621
EU რუსული გაზის ჩასანაცვლებლად აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობას გეგმავს - Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი შეეცდება გააძლიეროს თანამშრომლობა აფრიკის ქვეყნებთან, რათა შეძლოს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ჩანაცვლება და მიმდინარე წელს მოსკოვზე დამოკიდებულების ორი მესამედით შემცირება.

აფრიკის ქვეყნებს, განსაკუთრებით კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) დიდწილად გამოუყენებელი პოტენციალი აქვთ.

27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკს სურს, თავი აარიდოს რუსეთს მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ევროპის ენერგეტიკული სტრატეგიის პროექტი ასევე მიზნად ისახავს რეგიონის მომზადებას 10 მილიონი ტონა განახლებადი წყალბადის იმპორტისთვის 2030 წლისთვის. 

ევროკავშირის გეგმა მოითხოვს ტრადიციულ მომწოდებლებთან ურთიერთობების დამყარებას ახალ საფუძვლებზე და ვაჭრობის გაფართოებას ახალ მომწოდებლებთან.

ბლოკი ასევე გეგმავს გაორმაგდეს სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა აზერბაიჯანიდან გაზის ტრანსპორტირებისთვის. იაპონიამ და სამხრეთ კორეამ უკვე გადაიტანეს LNG-ის გარკვეული მოცულობა ევროპაში.

ევროკომისიის სტრატეგიის პროექტში ნათქვამია, რომ “ნორვეგიამ უკვე გაზარდა მიწოდება და ალჟირმაც და აზერბაიჯანმაც გამოთქვეს ამის სურვილი”.

ევროკავშირის აღმასრულებელ შტოში მიიჩნევენ, რომ ბლოკმა უნდა იმუშაოს “ღია, მოქნილი, თხევადი და კარგად ფუნქციონირებადი გლობალური LNG-ი ბაზრების” უზრუნველსაყოფად, როგორც მსხვილ მწარმოებლებთან, როგორიცაა აშშ, ავსტრალია და კატარი, ასევე სხვა მომხმარებლებთან, მათ შორის ჩინეთთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან.

“ევროკავშირმა ასევე უნდა გაუგზავნოს ბაზარს თანმიმდევრული სიგნალები, რათა მოკლე და საშუალოვადიანი საჭიროებები გრძელვადიან მიზნებთან დააბალანსოს. ეს ყველაფერი მოითხოვს ბევრად უფრო კოორდინირებულ გაზის პოლიტიკას”, - ნათქვამია დოკუმენტში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ევა კრუკოვსკა