LIVE

Bored Apes-მა მეტავერსში ვირტუალური მიწის გაყიდვებით $320 მილიონი შეაგროვა

07 მაი 202216:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 736
Bored Apes-მა მეტავერსში ვირტუალური მიწის გაყიდვებით $320 მილიონი შეაგროვა

Yuga Labs-მა, Bored Apes Yacht Club-ის NFT-ების პოპულარული კოლექციის შემქმნელმა, გასულ შაბათს ვირტუალური მიწის გაყიდვა დაიწყო, რომელიც მისი მეტავერსის პროექტის ნაწილია. კომპანიის გაყიდვებმა $320 მილიონის კრიპტოვალუტა შეაგროვა. მოთხოვნა იმდენად ძლიერია, რომ მოვლენასთან დაკავშირებულმა აქტივობამ ტალღოვანი ეფექტები Ethereum-ის მთელ ბლოკჩეინზე გამოიწვია და საკომისიოები გაზარდა.

ApeCoin-ის ტოკენის მფლობელებმა Otherside-ში, რომელიც მეტავერსის თამაში უნდა იყოს, 55 000 ვირტუალური მიწის ნაკვეთი (Otherdeeds) იყიდეს. მოლოდინმა, რომ ვირტუალური მიწის ნაკვეთების მიმართ დიდი ინტერესი იქნებოდა, ApeCoin-ის ფასი გასულ კვირას გაყიდვის დაწყებამდე გაზარდა.

შაბათის მდგომარეობით, ApeCoin-ის $19-ის ღირებულების საფუძველზე, თითოეული ნაკვეთი მყიდველს $5,800 დაუჯდა, რასაც ტრანზაქციის ხარჯები დაემატა.

როგორც Otherside-ის Twitter-ის ანგარიშზეა ნათქვამი, გაყიდვაში შეგროვებული ApeCoin-ები დაიბლოკება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გაყიდვა შეუძლებელია. ამით მიმოქცევაში არსებული მონეტები ერთი წლით შემცირდება.

შაბათს გაყიდული 55,000 Otherdeed-ის გარდა, კიდევ 45,000 ვირტუალური მიწის ნაკვეთი გადაეცა Bored Ape Yacht Club-ის და Mutant Ape NFT-ების მფლობელებს, ასევე Yuga Labs-ის და სხვა პროექტების დეველოპერებს.

ApeCoin-ი ცდილობს ფართოდ გამოყენებადი გახდეს ე.წ. web3 აპლიკაციებში, რაც ციფრული მონეტებისა და ბლოკჩეინის გამოყენებით უნდა მოხდეს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მფლობელებს მისი საშუალებით წვდომა ჰქონდეთ სხვადასხვა ღონისძიებებზე, სერვისებზე, საქონელსა და თამაშებზე. შაბათს, Otherdeed-ის გაყიდვის წინ OpenSea-მ ასევე განაცხადა, რომ პლატფორმაზე ApeCoin-ს მიიღებს.

ვენჩურული კაპიტალის ინვესტორები, რომლებიც მარტში ApeCoin-ის გამოშვებაში მონაწილეობდნენ მონეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მფლობელები არიან. მათ და გამოშვებაში მონაწილე სხვა პარტნიორებმა 14% ანუ 140 მილიონი მონეტა მიიღეს. CoinMarketCap-ის მიხედვით, ApeCoin-ის ფასი გამოშვებიდან თითქმის გასამმაგდა.

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური მიწის გარშემო აურზაური მკვეთრი კონტრასტია დანარჩენ კრიპტო ბაზართან შედარებით, რომელიც დაღმავალ ტენდენციაზეა. Dune-ის მიხედვით, OpenSea-ს პლატფორმაზე, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი NFT ბაზარია, გაყიდვების მოცულობა აპრილში მარტთან შედარებით გაზრდილია, თუმცა მაინც ნაკლებია იანვრის რეკორდულ მაჩვენებლებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აპლიკაცია უკვე ყიდის ვირტუალური მიწას, უმეტესობა მომხმარებლებისა და ტრანზაქციების მხოლოდ მცირე რაოდენობას აფიქსირებს. მაგალითად, მონაცემთა ტრეკერის DappRadar-ის მიხედვით, Decentraland-ზე, ტრანზაქციების რაოდენობა ბოლო 30 დღის განმავლობაში 35%-ით შემცირდა.

Yuga Labs-ის სპიკერის მიხედვით, Otherside-ის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი