LIVE

₾30.3 მილიონზე მეტი სუბსიდია „ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ღვინის კომპანიებმა მიიღეს - კვლევა

29 აპრ 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1004
₾30.3 მილიონზე მეტი სუბსიდია „ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ღვინის კომპანიებმა მიიღეს - კვლევა

2021 წელს მთავრობამ რთველზე ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასცა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული, რთველის სუბსიდირების პროცესში მთელი რიგი კორუფციული პრობლემები გამოიკვეთა. კერძოდ, უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს.

კვლევის თანახმად, ღვინის სააგენტოში სუბსიდირებისთვის რეგისტრირებული 83 კომპანიიდან 31 ეკუთვნის „ქართული ოცნების” მოქმედ ან ყოფილ წევრებს, ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან. ამ 31 კომპანიაზე გაიცა 30 343 512 ლარი, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22%-ს შეადგენს.

სუბსიდიის მსხვილი ბენეფიციარები:

  • სს “სარაჯიშვილი”- ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 4,460,683 ლარი მიიღო;
  • შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობა”-  4,366,848.50 ლარი;
  • შპს „ასკანელი ძმები“ -  2,576,109.25 ლარი;
  • შპს „ქართველი” - 326,900 ლარი;
  • შპს „უნივერსალ სპირიტს“ - 3,912,000 ლარი;
  • შპს „ათენა“- 627,581.50 ლარი;
  • სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“- 1,342,509 ლარი;
  • შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანია” - 759,988.25 ლარი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღვინის კომპანიას იმ შემთხვევაში შეეძლო სუბსიდიის პროგრამაში მონაწილეობა, თუ მევენახისგან ჩაიბარებდა 1000 ტონაზე მეტ ყურძენს. ამ ხელოვნური ბარიერის გამო, მცირე მარნებმა სუბსიდიით ვერ ისარგებლეს.

გამოიკვეთა ტენდენციაც, რომ სუბსიდიის მიმღები კომპანიები ასევე იღებენ გრანტებს სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში”, სარგებლობენ შეღავათიანი, ფაქტობრივად უპროცენტო აგროსესხებით და ამავდროულად, პარტია “ქართული ოცნების” შემწირველები არიან. მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2016-2021 წლების განმავლობაში მათ 3,626,420 ლარი გაიღეს. 

გამარტივებულ შესყიდვებს იღებენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული კომპანიები, რომელთაც გამარტივებული შესყიდვებით ჯამში 1 700 000 ლარზე მეტი მიიღეს.

2021 წელს ყურძენზე სუბსიდირებული თანხები შემდეგნაირად განისაზღვრა: 1 კგ რქაწითელზე - 0,35 ლარი, 1კგ კახურ მწვანეზე - 0,35 ლარი, 1კგ მუჯურეთულისა და 1 კგ ალექსანდროულისთვის - 3 ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეკომენდაციით, აუცილებელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შეისწავლოს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ გამოცხადებული გამარტივებული ტენდერები და მოახდინოს რეაგირება.  

ღვინის სააგენტომ პროცესი უნდა წარმართოს გამჭვირვალედ და თანხებზე წვდომა ჰქონდეს მცირე მარნებს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავლები და ბრუნვა აქვთ",- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.